ახალი ამბები

ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

15 თებერვალი, 2022 • 1195
ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

ბადრი ჯაფარიძე რუსთავის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ დღეს „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„ეს არის პრინციპული ბრძოლა. ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე იქნება წარდგენილი რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად შუალედურ არჩევნებში, იმისთვის, რომ დავუმტკიცოთ, რომ ძალა არის ხალხის ხელში, იმისთვის, რომ დავამტკიცოთ, რომ მანდატზე კი არაა საუბარი, არამედ – ცვლილება შეგვიძლია“, – თქვა ხაზარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

რაც შეეხება თავად ბადრი ჯაფარიძეს, მან განაცხადა, რომ ოპოზიციური კოლეგების მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს.

„იმისთვის, რომ ეს იყო არა ბადრი ჯაფარიძის ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ ეს იყოს ოპოზიციის ბრძოლა ცვლილებებისთვის. რუსთავისა და გარდაბნის ოლქი კი უნდა გახდეს ამ გარდაქმნების დასაწყისი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

2022 წლის 2 აპრილს რუსთავში პარლამენტის მაჟორიტარობის არჩევნები გაიმართება, ხოლო ბათუმში – საკრებულოს.

დღეს პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას კი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გავასაჩივრებთ საკონსტიტუციოში – ჯაფარიძე მანდატის შეწყვეტაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი