რუსეთის ფედერალური კრების ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ მიიღო დადგენილება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების აუცილებლობასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის მიმართვის შესახებ.
როგორც სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ აღნიშნა, მიმართვა პრეზიდენტს დაუყოვნებლივ გაეგზავნება. დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საფუძველი იქნება.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლები უკვე 8 წელია გამუდმებული სროლების ქვეშ ცხოვრობენ და უკრაინის ხელისუფლებსი ქმედება „საკუთარი ხალხის გენოციდის ტოლფასია“.
საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების აღიარებით რუსეთი დე ფაქტო და დე იურე დატოვებს მინსკის შეთანხმებას. მოსკოვი, თავის მხრივ, თავს მინსკის შეთანხმების მხარედ არ მიიჩნევს.