ახალი ამბები

პოლიციამ კახეთში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

14 თებერვალი, 2022 • 1217
პოლიციამ კახეთში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ კახეთში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული პირი ბათუმში დააკავა. უწყების ცნობით, მას ბრალი ედება ორი პირის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობასა და არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში.

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ფერმაში ბრალდებულ მამაკაცს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ამავე ფერმაში დასაქმებულ ცოლ-ქმართან – გ.ჯ.-სა და მ.ზ.-სთან. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების ვერსიით გ.გ. მათ ფულს სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ორივე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა:

„ბრალდებულმა მოკლულების არასრულწლოვან შვილს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, თოკით დააბა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გ.გ. დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით გრძელდება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი