ახალი ამბები

2-3 წელში მთლიანად მოვაგვარებთ დევნილთა ბინების საკითხს – დავითაშვილი

14 თებერვალი, 2022 •
2-3 წელში მთლიანად მოვაგვარებთ დევნილთა ბინების საკითხს – დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გეგმით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ყველა პირს ბინით 2-3 წელიწადში დააკმაყოფილებენ.

ეს დაპირება უკავშირდება პრემიერ-მინისტრის მიერ იმავე დღეს გამოცხადებულ ინიციატივას, რომლის თანახმადაც, მთავრობა სამშენებლო კომპანიებს დაუკვეთავს საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას, თუ დამატებით ფინანსურ რესურსს ბანკებიდან თავად მოიძიებენ, სახელმწიფო კი დანახარჯებს 3-5 წელიწადში აუნაზღაურებს.

„მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ სამინისტროს, წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი პროექტი აქვს შესასრულებელი. დევნილებისთვის გვაქვს ასაშენებელი დაახლოებით ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ 2-3 წელში მთლიანად მოვაგვარებთ დევნილთა ბინით დაკმაყოფილების საკითხს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა 14 თებერვალს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დევნილებთან ერთად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული პროექტები მოიცავს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ქალაქის მშენებლობა სურს დავიწყოთ, პოლიციის შენობების აშენება – რეაბილიტაცია, განათლების სამინისტროს- 800-მდე სკოლის რეაბილიტაცია – მშენებლობა, ბაღების მშენებლობა, თავდაცვის სამინისტროს აქვს თავისი პროექტები, იუსტიციის სამინისტროს, ყველას…

ამიტომ, სამშენებლო კომპანიებს შევთავაზებთ შემდეგს, რომ მათ შეუძლიათ დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ბაზარზე ბანკებიდან, ჩვენი გარანტიით, მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა ამ მოცულობის სამუშაოებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენ 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას“ ,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი