ახალი ამბები

მიწისძვრის შედეგად შახმარლოში სახლის უკანა კედელი ჩამოინგრა, არავინ დაშავებულა — დმანისის მერი

14 თებერვალი, 2022 • 2455
მიწისძვრის შედეგად შახმარლოში სახლის უკანა კედელი ჩამოინგრა, არავინ დაშავებულა — დმანისის მერი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში, მიწისძვრის შედეგად, ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის უკანა კედელი ჩამოინგრა — ინფორმაცია “ნეტგაზეთს” მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, 13 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას მუნიციპალიტეტში სერიოზული ნგრევა არ გამოუწვევია და არსებული ინფორმაციით, არც ვინმე დაშავებულა.

“არავინ დაშავებულა. ერთადერთი, სოფელი შახმარლოა თვალშისაცემი, სადაც კერძო მოსახლის სახლის უკანა კედელია ჩამონგრეული… რაიმე მსხვერპლი ან სერიოზული ნგრევა საბედნიეროდ არ ყოფილა ჩვენს მუნიციპალიტეტში”, — აღნიშნა მერმა.

მურადაშვილის თანახმად, სრულ სურათზე ინფორმაცია მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე, არ აქვს.

“დილით გვეცოდინება ყველაფერი. თუ ვინმეს რამე დაუზიანდა, დაზარალდა მოქალაქე, ჩვენ მას აუცილებლად ავუნაზღაურებთ”.

მიწისძვრა საქართველოში, თბილისის დროით 22:25 საათზე მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, ბიძგების სიმძლავრე 6.2 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრით დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან ახლოს.

ჯერჯერობით არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია მიწისძვრის შედეგების შესახებ.

საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მასალების გადაბეჭდვის წესი