ახალი ამბები

“ოცნება” ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს

13 თებერვალი, 2022 •
“ოცნება” ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს

“ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაცია ფუძნდება. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო და მისი მიზანი “პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურებაა”.

“სხვადასხვა გარემოების გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენმა პარტიამ შეძლო 64 მერობის კანდიდატიდან მხოლოდ 3 ქალი კანდიდატის წარდგენა, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატები, არსებითად, მხოლოდ ჩვენს მიერ შემოღებული საარჩევნო კვოტის ფარგლებში წარვადგინეთ.

ალბათ, ყველა დაგვეთანხმებით, რომ ამგვარი მოცემულობა არ შეესაბამება ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ობიექტურ სურათს და ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო ფართო წარმომადგენლობას იმსახურებენ”, — დასძინა მან.

კობახიძის სიტყვებით, ხსენებული ორგანიზაცია პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს “უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და კომუნიკაციას სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენელ ქალ პარტიის წევრებს შორის”.

“ქალთა ორგანიზაციის დასაფუძნებლად, მომავალი კვირის ბოლომდე გაიმართება საორგანიზაციო შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში.

უახლოეს მომავალში გაიმართება „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია, რომელიც აირჩევს ორგანიზაციის გამგეობას და საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს”, — თქვა კობახიძემ.

“ქართული ოცნების” მთავრობაში მომუშავე 12 მინისტრს შორის, ამ ეტაპზე, მხოლოდ ორია ქალი — კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.

ნათია თურნავა, რომელიც ეკონომიკის პოსტს იკავებდა, მიმდინარე კვირას ლევან დავითაშვილმა შეცვალა, ეკატერინე ტიკარაძე კი ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, გასული წლის ბოლოს, ზურაბ აზარაშვილმა ჩაანაცვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი