ახალი ამბები

საქართველოს საელჩო უკრაინაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

12 თებერვალი, 2022 • 2033
საქართველოს საელჩო უკრაინაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს საელჩო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, უწყება მოუწოდებს უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს, კავშირზე დარჩნენ საელჩოსთან.

აშშ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მოახლოვდა დრო, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნებისმიერ წამს არის მოსალოდნელი. თავად მოსკოვი, რომელმაც ბოლო თვეებში უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე  სამხედრო განათავსა, უარყოფს შეჭრის განზრახვას.

“საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან.

უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. კიევში და გენერალური საკონსულოები ქ.ოდესაში, ქ. დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე”, — დასძენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17

ამასთან, სამინისტროს ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო.

“როგორც ცნობილია, აშშ, ევროკავშირის წვერი ქვეყნები მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინის ტერიტორია.

შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან როგორც ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრა ოლიმპიადის დასრულებამდეა მოსალოდნელი — ბლინკენი

მასალების გადაბეჭდვის წესი