საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორმა ილია თვალიაშვილმა, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობისას მძიმედ დაშავდა, დღეს, 11 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენება მისცა.
ოპერატორმა, რომელსაც ტელევიზიაში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
ოპერატორის თქმით, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, თბილისში, დაახლოებით ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, 15-მდე ადამიანმა წრე შემოარტყა, ძირს დააგდეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ:
„ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანს არ ვიცნობ, არაფერი მიკადრებია… ზოგი ტანზე მირტყამდა, ზოგი თავში, ზოგი კი თვალებს მთხრიდა. 7 თვე გავიდა მას შემდეგ და კიდევ ვმკურნალობ, წამლები დამაქვს ჩანთით. მეტი რაზე ვილაპარაკო?! საავადმყოფოში გამოვდიოდი და შევდიოდი. ახლაც, პრაქტიკულად, თვეში ერთხელ მაინც მიწევს ექიმთან ვიზიტი. პოლიციამ რომ გამიყვანა, არ მახსოვს, მანქანაში როგორ ჩამსვეს, გონება დავკარგე.
მახსოვს, პოლიციის მანქანაში მოვედი გონს და პოლიციის გადამცემში წივილ-კივილის ხმა ისმოდა, ოპერატორი მომიკლეს და მიშველეთო. ამას რომ ჩემი ორსული მეუღლე მოისმენდა, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა? მე რომ პოლიციას იქიდან არ გავეყვანე, ეს ადამიანები ისე მომკლავდნენ, ვერც გაიგებდნენ, ისე უმოწყალოდ მცემდნენ“, – გაიხსენა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორმა სასამართლოზე.
მისი თქმით, ბოლოს რაც ახსოვს, თავში ძლიერი დარტყმა იყო. პოლიციის მანქანაში გონს მოსვლის შემდეგ კი ეკიპაჟს სთხოვა, მასთან მომუშავე ჟურნალისტისთვის გადაეცათ, რომ ცოცხალი იყო, შემდეგ კი გონება ისევ დაკარგა და უკვე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გამოფხიზლდა.
როგორც 5 ივლისს დაშავებული ოპერატორი იხსენებს, საავადმყოფოში სტაციონარული მკურნალობისთვის მიმართვა ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე დასჭირდა, 10 დღის განმავლობაში კი მხედველობა სრულად ჰქონდა დაკარგული. ილია თვალიაშვილი აცხადებს, რომ მხედველობის პრობლემები ამ დრომდე აქვს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაშიც უშლის ხელს:
„თითქმის ვერ ვხედავ. ტელევიზიაში კი ვარ, მაგრამ პრაქტიკულად პენსიაზე ვარ იმიტომ, რომ ჩემს დაკისრებულ მოვალეობას ვერ ვასრულებ. მეხსიერებაზე მაქვს პპრობლემა, მავიწყდება რაღაცები. სათვალეს მას შემდეგ ვიყენებ, რაც ეს ინციდენტი მოხდა. სამსახურში ფუნქცია დაკარგული მაქვს, ვერ ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობას. ერთადერთი, შეიძლება, კამერა შტატივზე დავდგა და ლაივ ჩართვა გავაკეთო“, – ამბობს ოპერატორი.
5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმოდნენ მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები.
თავს დაესხნენ, სულ მცირე, მედიის 50-მდე წარმომადგენელს. ასევე ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუმტვრიეს ტექნიკაც.