ახალი ამბები

განვიხილავთ საბრძოლო ჯგუფების განლაგებას სამხრეთ-აღმოსავლეთით – სტოლტენბერგი

11 თებერვალი, 2022 • 1814
განვიხილავთ საბრძოლო ჯგუფების განლაგებას სამხრეთ-აღმოსავლეთით – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი აღმოსავლეთ ფლანგზე, სამხრეთ-აღმოსავლეთით თავდაცვის გაძლიერების გრძელვადიან გეგმას განიხილავს, მათ შორის, რუმინეთსა და სხვა ქვეყნებში საბრძოლო ჯგუფის განთავსებას.

იენს სტოლტენბერგმა პარასკევს, 11 თებერვალს რუმინეთში, მიჰაილ კოგალნიჩანუს სამხედრო ბაზაზე ვიზიტისას რუმინეთის პრეზიდენტთან, კლაუს იოჰანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„ჩვენ ვაგრძელებთ ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებას მეტი გემით, მეტი თვითმფრინავით, მეტი ჯარით. ჩვენ ასევე მზად ვართ, არსებული ძალები, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად ჩავანაცვლოთ. ჩვენ გავზარდეთ ნატოს საპასუხო ძალების მზადყოფნა და საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია მეტი ძალების განთავსება მოკლე დროში“.

ალიანსის გენ.მდივანმა მაგალითად დაასახელა შეერთებულის შტატების განცხადება, რომლის თანახმადაც გამოყოფილია 8500 ჯარისკაცი ნატოს საპასუხო ძალებისათვის, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს მათი სწრაფად განლაგება.

„გარდა ამისა, განვიხილავთ ჩვენს უფრო გრძელვადიან ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს მოიცავს საბრძოლო ჯგუფს რუმინეთში, მაგრამ ასევე შესაძლოა მოიცავდეს საბრძოლო ჯგუფებს ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთით ყველა ნაწილში“, – აცხადებს სტოლტენბერგი.

მან განაცხადა, რომ ეს საკითხი განიხილება მომავალ კვირას ნატოს თავდაცვით მინისტერიალზე და იმედი გამოთქვა, რომ მინისტრები დათანხმდებიან ინიციატივას და იმსჯელებენ ამ საკითხის დეტალებზე. „ველი, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება გაზაფხულზე“, – განაცხადა მან.

სტოლტენბერგმა ასევე თქვა, რომ მიესალმება შეერთებული შტატებიდან დამატებით 1 000 ჯარისკაცის სწრაფ გადაყვანას აღნიშნულ ბაზაზე [ეს პროცესი ამჟამად მიმდინარეობს], რის შედეგადაც, ჯამში, ბაზაზე 2000 ამერიკელი ჯარისკაცი იქნება. მან ასევე მადლობა გადაუხადა გერმანიას, იტალიასა და ესპანეთს შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის დაცვის საქმეში.

„ეს არის ტრანსატლანტიკური ერთიანობის ძლიერი დემონსტრირება“, – თქვა გენერალურმა მდივანმა და ხაზი გაუსვა „ჩრდილოეთ ამერიკის მტკიცე გადაწყვეტილებას, დაიცვას ევროპა“.

სტოლტენბერგის თანახმად, შავ ზღვაზე სამი მოკავშირით [ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი], ასევე ისეთი პარტნიორებით, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, რეგიონში უსაფრთხოება ალიანსისათვის „სასიცოცხლო სტრატეგიული მნიშვნელობისაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი