ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში “ფერადი ტექნოლოგიების” საფრთხეზე საარჩევნო კანდიდატებს აფრთხილებენ

11 თებერვალი, 2022 • 2086
ცხინვალში “ფერადი ტექნოლოგიების” საფრთხეზე საარჩევნო კანდიდატებს აფრთხილებენ

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში 10 აპრილს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ადგილობრივმა უშიშროების სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს მოუწოდა, არ აყვნენ პროვოკაციებს და არ დაუშვან დასავლეთის ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი ე.წ. “ფერადი ტექნოლოგიების” შემოღწევა.

“NATO-ს აღმოსავლეთ გაფართოების მცდელობები, ასევე, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, პირველ რიგში, საქართველოს და უკრაინის  ალიანსში ჩათრევა, მათ შორის, სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, სერიოზულ სამხედრო რისკებს  შეიცავს.

მტკიცედ გვწამს, რომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხალხი, რომელმაც მძიმე გამოცდებს გაუძლო და საკუთარი დამოუკიდებლობა მედგრად დაიცვა, კიდევ ერთხელ პოლიტიკურ სიბრძნეს გამოიჩენს და შეძლებს, საარჩევნო კამპანია ჩვენი რესპუბლიკის სასიკეთოდ ღირსეულად ჩაატაროს”, – აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, დე ფაქტო უშიშროების უწყება ახსენებს ყველას, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით, კანონმდებლობის დარღვევა, ცილისწამება და საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც გამოიწვევს.

ამავე თემაზე:

ბიბილოვი კონკურენტებს იცილებს | ცხინვალში არჩევნებამდე ახალ რეგულაციებს იღებენ

საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება, როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი