ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დევნილების დაბრუნების საკითხში პროგრესი ჯერ არ არსებობს | საგარეო ანგარიშს აქვეყნებს

11 თებერვალი, 2022 •
დევნილების დაბრუნების საკითხში პროგრესი ჯერ არ არსებობს | საგარეო ანგარიშს აქვეყნებს

საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ“ 2021 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.

საგარეო უწყების ცნობითვე, დოკუმენტი ძირითადად ეფუძნება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მიღებულ დოკუმენტებს და მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების რეგულარულ ინფორმირებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ.

“იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები კვლავაც მოკლებული არიან, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე და ამ საკითხში ჯერჯერობით არანაირი პროგრესი არ არსებობს. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, ადგენს, რომ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე და, შესაბამისად, აკისრებს მას სრულ პასუხისმგებლობას მიმდინარე ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე”, – ვკითხულობთ ანგარიშში დევნილების საკითხების შესახებ.

გარდა ამისა, ანგარიში ასახავს ინფორმაციას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების, მათ შორის, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებულ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციაზე.
აქვე საუბარია იმაზე, რომ უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომელიც მოიცავს სიცოცხლის უფლების ხელყოფის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, თვითნებური დაკავებებისა და გატაცებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელყოფის შემთხვევებს.

ანგარიში – „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ“ მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.

მასალების გადაბეჭდვის წესი