ახალი ამბები

გაირკვა მიზეზი ,თუ რატომ იყო პუტინსა და მაკრონს შორის 4-მეტრიანი მაგიდა

11 თებერვალი, 2022 • 4296
გაირკვა მიზეზი ,თუ რატომ იყო პუტინსა და მაკრონს შორის 4-მეტრიანი მაგიდა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გარემოცვის ორი წევრი Reuters-თან განმარტავს, თუ რატომ იყო რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ოთხმეტრიანი სიგრძის მაგიდა გამოყენებული.

როგორც გამოცემა წერს, მაკრონმა უარი თქვა კრემლის მოთხოვნაზე, COVID-19-ის რუსული ტესტი გაეკეთებინა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა. მაკრონის გარემოცვის წევრები კონფიდენციალურობის დაცვით გამოცემასთან აღნიშნავენ, რომ სწორედ ამას უკავშირდებოდა ის გაზრდილი დისტანცია პრეზიდენტებს შორის, რომელიც ფოტოებშიც აისახა.

შეხვედრის ამსახველ ერთ-ერთ ფოტოში მაკრონი და პუტინი 4-მეტრიანი მაგიდის კიდეებთან სხედან და უკრაინის კრიზისს განიხილავენ. ფოტომ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. ექსპერტებისა და დიპლომატების ნაწილი მიიჩნევდა, რომ შესაძლოა პუტინს ამ გზით დიპლომატიური მესიჯის გაგზავნა სურდა.

თუმცა, ორი წყარო, რომელსაც პრეზიდენტ მაკრონის ჯანმრთელობის პროტოკოლთან აქვს შეხება, Reuters-თან აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს არჩევანი ჰქონდა- ან უნდა ჩაეტარებინა PCR ტესტირება რუსეთში და პუტინთან მიახლოების შესაძლებლობას მისცემდნენ, ან გამკაცრებულ სოციალური დისტანცირების წესებს დამორჩილებოდა:

„ჩვენ ვიცოდით, რომ ამ არჩევანის შემდეგ არც ხელის ჩამორთმევა იქნებოდა და გრძელ მაგიდასაც გამოიყენებდნენ. მაგრამ ვერ დავუშვებდით, მათ ხელში ჩავარდნოდათ, პრეზიდენტის დნმ“, – უთხრა ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას.

მეორე წყარო კი აღნიშნავს, რომ მაკრონმა საფრანგეთიდან გამომგზავრებისას PCR ტესტირება ჩაიტარა, რუსეთში კი საკუთარმა ექიმმა ანტიგენის სწრაფი ტესტი გაუკეთა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მაკრონთან შეხვედრიდან სამ დღეში, პუტინი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა, თუმცა, მაკრონისგან განსხვავებით, პრეზიდენტებმა შეხვედრა პატარა ჟურნალების მაგიდის გარშემო გამართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი