ახალი ამბები

გვარამიას თქმით, უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო

10 თებერვალი, 2022 •
გვარამიას თქმით, უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თანახმად, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო. აღნიშნულის შესახებ გვარამიამ 10 თებერვალს “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილებაში წერია შემდეგი:

“ადამიანის კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველსაყოფად და ასევე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მივედი დასკვნამდე, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დაზარალებულად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში”.

გვარამიას თანახმად, უკრაინის პროკურატურა სააკაშვილის მიმართ ქართველი სამართალდამცავების ქმედებებს იძიებს.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, გასული წლის ოქტომბერში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად 50 დღის მანძილზე შიმშილობდა, რა დროსაც ის თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოათავსეს გლდანის ციხის საავადმყოფოში.

საბოლოოდ, ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ამჟამად სააკაშვილი კვლავ რუსთავის ციხეში იმყოფება.

ცნობილია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობას იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი