სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე.
უწყება წერს, რომ გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინება, ასევე, სოციალურ ქსელებსა თუ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია.
„2021 წლის 09 ნოემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მ. სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია მ. სააკაშვილის ადვოკატთან მ. სააკაშვილის გამოკითხვის მიზნით. ამ უკანასკნელის გამოკითხვის შემდგომ, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მ. სააკაშვილთან დაიგეგმება საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 2021 წლის 08 ნოემბერს, მ. სააკაშვილის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების, მათ შორის, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვის მიზნით“, – წერია უწყების განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ასევე წერს, რომ შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას – „ამასთან, სამსახური სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ითანამშრომლებს მ. სააკაშვილთან და მის ადვოკატებთან, გამოძიების პროცესში მათი ჩართულობისა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მათი სრულყოფილი ინფორმირების მიზნით“.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
ცოტა ხნით ადრე მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა სააკაშვილის დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა.
„ავადმყოფი გადაუდებლად იქნეს გადაყვანილი მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში“, – განაცხადა ყიფშიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. ის ამბობს, რომ აპირებს, სიკვდილამდე იშიმშილოს.
მთავრობა უარს აცხადებდა სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანაზე და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს სწორედ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში (ციხის საავადმყოფოში) გადაიყვანდა.
სააკაშვილის გლდანში მოთავსება არღვევს ღირსების პატივისცემის ვალდებულებას — ომბუდსმენი