ახალი ამბები

მორის ყვითელაშვილმა ოლიმპიადა მე-10 ადგილით დაასრულა

10 თებერვალი, 2022 • 681
მორის ყვითელაშვილმა ოლიმპიადა მე-10 ადგილით დაასრულა

ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა მეათე ადგილით დაასრულა.

მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ყვითელაშვილმა კაცთა შეჯიბრების თავისუფალ პროგრამაში იასპარეზა და მსაჯებისგან 170.64-ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი მისმა მაჩვენებელმა 268.62 ქულა შეადგინა. შედეგად, საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების ლიდერმა პეკინის თამაშებზე გამოსვლა მეათე ადგილით დაასრულა:

„მორისი პეკინში ორიგინალური თავისუფალი პროგრამით წარდგა, რომელიც რთული ხტომებისა და ეფექტური მხატვრული ელემენტებისგან შედგებოდა. სრიალისას რამდენიმე დასანანი ხარვეზი რომ არა, მას შეეძლო, პირველ ხუთეულში შეენარჩუნებინა ადგილი. თუმცა მსოფლიოს უძლიერეს მოციგურავეთა ათეულში მოხვედრა თავისთავად მნიშვნელოვანი წარმატებაა“, – აცხადებენ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში.

კომიტეტი აღნიშნავს, რომ პეკინის ოლიმპიურ ყინულზე თავისუფალ პროგრამაში მიღებული ქულები ყვითელაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი არ არის, მაგრამ ორჭიდის ჯამში, როსტელეკომის თასზე შარშანდელი ნაჩვენები თავისივე შედეგი 2.29 ქულით გააუმჯობესა, რაც განაპირობა 7 თებერვალს პეკინში ეფექტურად შესრულებულმა მოკლე პროგრამამ:

„აქ მორისმა მსაჯებისგან მისთვის საუკეთესო შეფასება – 97.98 ქულა და მეხუთე ადგილი დაიმსახურა. აქამდე ქართველი მოციგურავის საუკეთესო მაჩვენებელი 95.37 ქულა იყო, რომელიც შარშან იმავე როსტელეკომის თასზე მიიღო და ამ ტურნირის გამარჯვებულიც გახდა“, – აცხადებენ ოლიმპიურ კომიტეტში.

აქამდე ერთეულთა თანრიგში საუკეთესო ოლიმპიური შედეგი 2006 წელს, ტურინის თამაშებზე გვქონდა. მაშინ ელენე გედევანიშვილმა ქალთა შეჯიბრებაში ასევე მეათე ადგილი დაიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი