ახალი ამბები

აშშ-ს სურს, მინსკის შეთანხმება გადაიხედოს – რუსეთის საგარეო

9 თებერვალი, 2022 •
აშშ-ს სურს, მინსკის შეთანხმება გადაიხედოს – რუსეთის საგარეო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს მინსკის შეთანხმების გადახედვა, რაც უწყების თანახმად, „ძირს გამოუთხრის სამშვიდობო პროცესს უკრაინაში“.

ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმიწფო მდივნის, ენტონი ბლინკენის რემარკაზე, რომ მინსკის შეთანხმება მოითხოვს „სათანადო თანმიმდევრობას“.

„უცნაურია, თუ როგორ ცდილობს აშშ დოკუმენტში თანმიმდევრობის პოვნას, სადაც ყველა მხარისთვის არის გაწერილი ნაბიჯების მთელი თანმიმდევრობა.

ასეთი შენიშვნები, განსაკუთრებით კი, ამ შენიშვნების სინქრონულობა, ცხადყოფს ერთ რამეს: აშშ-ს სურს შეთანხმებული პაკეტის გადახედვა, რამაც შესაძლოა სამშვიდობო პროცესის განადგურება გამოიწვიოს. ეს ყველაფერი კიევის რეჟიმს უბიძგებს, ჩაერთოს უფრო მეტ ავანტიურაში, პირველ რიგში და უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ასევე, საერთაშორისო სამართლისა და საღი აზრის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

ზახაროვამ ასევე ისაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადებაზე, რომელმაც გამორიცხა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებისთვის რაიმე სტატუსის მინიჭება და განაცხადა, რომ ასეთი რამ მინსკის შეთანხმებით არ იყო განსაზღვრული.

ზახაროვას თანახმად, საფრანგეთმა და გერმანიამ ვერ აჩვენეს ადეკვატური (კრიტიკული) შეფასება უკრაინის პირველი დიპლომატის განცხადების საპასუხოდ.

მინსკის შეთანხმებას, იგივე მინსკის პროტოკოლს 2014 წელს მოეწერა ხელი უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და ეუთოს მიერ. შეთანხმებას, რომელსაც უკრაინაში საომარი მოქმედებები უნდა დაესრულებინა, მედიატორობდა საფრანგეთი და გერმანია.

მინსკის შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ ის არ განსაზღვრავს ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სტატუსს, ასევე ხელმოწერილია თვითგამოცხადებული ლიდერების მიერაც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი