ახალი ამბები

ჩუბინიძემ სააკაშვილ-ჯანაშიას საქმეზე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა

9 თებერვალი, 2022 • 1623
ჩუბინიძემ სააკაშვილ-ჯანაშიას საქმეზე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა

დღეს, 9 თებერვალს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე სახელმწიფო ქონების გაფლანგვის საქმეზე. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ჩუბინიძის წინამორბედი თემურ ჯანაშია.

ჩუბინიძე მოწმის სახით დასაკითხად დაცვის მხარემ გამოიძახა. როგორც ჩუბინიძემ განმარტა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობს 2013 წლის თებერვლიდან, სააკაშვილ-ჯანაშიასთვის წარდგენილი ბრალდება კი ეხება 2009-2013 წლების პერიოდს.

„მე ვფიქრობ, რომ თავად ბრალდებულები და მისი ადვოკატები გაცილებით კომპეტენტურები არიან და გაცილებით კარგად წარმოადგენენ, თუ რატომ და რისთვის იხარჯებოდა ეს თანხები.

ასევე, მინდა განვმარტო, საჯაროდ არის ცნობილი, რომ  პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება 2013 წლის პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც უკვე მე ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი. მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ გახარჯული თანხების კანონიერებასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, დღეს ჩემ მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა და დაფიქსირებული პოზიცია შესაძლებელია ისე იყოს ინტერპრეტირებული, რომ გამოყენებული იქნას ჩემ საწინააღმდეგოდ მომავალში. ამასთან დაკავშირებით მინდა ვისარგებლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით, რომელიც მაძლევს საშუალებას, რომ უარი განვაცხადო ჩვენების მიცემაზე სასამართლოს წინაშე“, — თქვა ჩუბინიძემ სასამართლო პროცესზე.

ანზორ ჩუბინიძის ამ განცხადებას დარბაზში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. სააკაშვილმა ჩუბინიძეს „ივანიშვილის მსახური“ და „უსინდისო“ უწოდა.

„5 საუკუნის მერეც იტყვიან, რომ ანზორ ჩუბინიძემ უარი თქვა თავისი კოლეგის გადარჩენაზე“, — მიმართა სააკაშვილმა ჩუბინიძეს, რის შემდეგაც მან სხდომათა დარბაზი დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი