ახალი ამბები

გამოცხადდეს „ოცნება“ სენაკის საკრებულოში და მის კანდიდატს მხარს დავუჭერთ – „საქართველოსთვის“

9 თებერვალი, 2022 • 1295
გამოცხადდეს „ოცნება“ სენაკის საკრებულოში და მის კანდიდატს მხარს დავუჭერთ – „საქართველოსთვის“

ექსპერმიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ სენაკში საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება, რასაც არჩევნების შედეგების ძალისმიერად შეცვლის მცდელობად აფასებს, რის ფონზეც პარტია „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, გამოცხადდნენ დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე და გახარიას გუნდი მათ წარდგენილ თავმჯდომარეობის კანდიდატს მხარს დაუჭერს.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა:

„შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულებისთვის ვაკეთებთ ღია, საჯარო შეთავაზებას – „ოცნების“ წარმომადგენლები გამოცხადდნენ დღევანდელ სხდომაზე და ჩვენ მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს დავუჭერთ ისე, რომ საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსი არ დაირღვევა“.

არჩევნების მეორე ტურიდან თითქმის სამი თვის თავზე, სენაკის საკრებულოს კვლავ არ ჰყავს თავმჯდომარე. სხდომა დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. გადამწყვეტ ხმებს გახარიას პარტია ფლობს.

ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ ჩატარებული 8 სხდომიდან ბოლო 5 სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ მისულან და „2 თვეა საბოტაჟს უწყობენ საკუთარ მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს“.

„ოცნების გაცხადებული მიზანია, სენაკის მუნიციპალიტეტში ახალი, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით შექმნილი პოლიტიკური რეალობისა და სენაკელების არჩევანის ასე ხელოვნურად და ძალისმიერად შეცვლა. ახალი არჩევნების მზადებისთვის დავალება ოცნების ხელმძღვანელების მიერ სამეგრელოში ბოლო ვიზიტის დროს გაიცა“, – განაცხადა სიჭინავამ.

„ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს „ოცნების“ წარმომადგენლები უკანონოდ ავალებენ, დღევანდელი სხდომის ჩაშლის მიზნით, არ გამოცხადდნენ საკრებულოში, რაც წარმოადგენს უკანონობას და საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობას, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება“, – განაცხადა მან.

„დღევანდელი სხდომა ყველასთვის იქნება ტესტი, ვინ ქმნის ხელოვნურ კრიზისს და რომელი პოლიტიკური პარტიისთვის არის სენაკელების ინტერესები პირველხარისხოვანი და ვის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას საერთოდ სენაკი და სენაკელები“, – ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

სიჭინავას თანახმად, თუკი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დღევანდელ სხდომაზე არ მივლენ, პარტია იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი კანდიდატი წარადგინოს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე.


წალენჯიხასა და ჩხოროწყუში, სადაც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოებში ასევე არ ჰქონდათ უმრავლესობა, ენმ-სთან შეთანხმებით, თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრები აირჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი