ახალი ამბები

ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები იცვლებიან – რ2

9 თებერვალი, 2022 • 1657
ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები იცვლებიან – რ2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ამჟამინდელ თანამდებობებს ტოვებენ. ტელეკომპანიის ცნობით, ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს. როგორც რუსთავი ორი აცხადებს, ამის შესახებ განცხადებას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 9 თებერვალს გააკეთებს.

“ნეტგაზეთი” აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას შესაბამის უწყებებში შეეცადა. მთავრობის ადმინისტრაციის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში მინისტრების გადადგომის შესახებ ცნობას ამ დროისთვის არ ადასტურებენ, თუმცა არც უარყოფენ.

მთავრობის ადმინისტრაციაში “ნეტგაზეთს” ასევე არ დაუდასტურეს ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის შესაძლო ბრიფინგის შესახებაც.

რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, უწყების პრესსამსახური ამ დროისთვის ჩვენს ზარებს და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ პასუხობს.

სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მანამდე ტვ პირველმა და მთავარმა არხმა გაავრცელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი