ახალი ამბები

ნიკა მელიასთვის შვება იქნება, რომ პარტიის თავმჯდომარე აღარ იყოს – ჩარკვიანი

8 თებერვალი, 2022 • 716
ნიკა მელიასთვის შვება იქნება, რომ პარტიის თავმჯდომარე აღარ იყოს  – ჩარკვიანი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთვის „შვება“ იქნება, თუ ენმ-ის თავმჯდომარე აღარ იქნება.

ჩარკვიანის თქმით, მელიაზე ასე „იმედის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერების გამო არ საუბრობს. მისი თქმით, მელიას სტრატეგია არ მოსწონს. ამასთან, აღნიშნავს, რომ სწორედ მელიას თავმჯდომარეობის პირობებში დაიწყო პარტიის რეიტინგმა კლება.

„უბრალოდ, მე გულწრფელად მგონია, რომ ნიკასთვისაც შვება იქნება, რომ აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე. მე არასოდეს ფარული ჩანაწერებით არ ვმსჯელობ ხოლმე. თუ იმ პოლიტიკოსების ნაბიჯებს ემთხვევა ფარულ ჩანაწერებში პოზიციები, მაშინ გამომაქვს ხოლმე დასკვნა. ნიკა მელიას შემთხვევაში მე ფარული ჩანაწერის მიხედვით კი არ ვსაუბრობ.

მე ვსაუბრობ მის ბრძოლის დაგეგმარების, სტრატეგიის, არმოწონების გამო. მოქმედების და შედეგის გამო ვსაუბრობ ასე. ამიტომ მგონია, რომ ის არ არის ცუდი პიროვნება, მაგრამ იყო ძლიერი ოპოზიციური ფლანგის ლიდერი, როცა რუსეთთან ბრძოლაში ხარ, მგონია, სხვა პოლიტიკურ ტალანტს მოითხოვს, რაც ერთეულთა ხვედრია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

კითხვაზე, ვინ არიან ასეთი „ერთეულები“, ჩარკვიანი ამბობს, რომ მათ შორისაა „უდიდესი პოლიტიკური მასშტაბის მქონე პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი“.


ნიკა მელიას ჩანაწერი “იმედის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 5 თებერვალს გავიდა. ტელეკომპანიის თანახმად, ვიდეო, რომელიც მას “მოქალაქემ მიაწოდა”, 1 დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოშია გადაღებული.

ჩანაწერი, სავარაუდოდ, ფარულად არის გაკეთებული. მასში მელიას ზოგიერთი ნათქვამი გარკვევით არ ისმის.

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ენმ-ის თავმჯდომარეს ეხება, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაა. ვიდეოს მიხედვით, მელია აღნიშნულს არ ემხრობოდა.

“ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშასთვის, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი, ხმას არ ამოიღებენ-მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა”.

ენმ-ის თავმჯდომარე ჩანაწერს 5 თებერვალს, ღამით ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა.

“ბოდიშს ვიხდი უხარისხო ჩანაწერისთვის, მაგრამ ზუსტად იმავეს ახსნას ვცდილობ ყველა შეხვედრაზე, შესაბამისად, ჩანაწერის უხარისხობამ რომ არ დაგაბნიოთ, მოკლედ ვიტყვი”, — დასძენს ის და განაგრძობს:

“დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში, არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია.

დიახ, მე, ისევე როგორც მიშა, არ ვთვლი, რომ მიშას თავისუფლება არის ერთადერთი იდეა- რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს.

იდეა, რომელმაც ხალხი უნდა გამოიყვანოს – შეკვეთა რომელიც მოგვცეს და მივიღეთ- არის ცვლილება, რომელსაც უნდა მივაღწიოთ, ეს არის უკეთესი საქართველო, იმაზე უკეთესი საქართველო, ვიდრე გვქონდა 2003-2012 წლებში და იმაზე ბეეევრად უკეთესი საქართველო, ვიდრე გვაქვს 2012 წლიდან დღემდე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი