ახალი ამბები

გადამდგარი რუსი გენერალ-პოლკოვნიკი პუტინს ომზე უარის თქმისა და გადადგომისკენ მოუწოდბეს

7 თებერვალი, 2022 •
გადამდგარი რუსი გენერალ-პოლკოვნიკი პუტინს ომზე უარის თქმისა და გადადგომისკენ მოუწოდბეს

„რუსეთის ოფიცერთა ასამბლეის“ თავმჯდომარე, გადამდგარი გენერალ-პოლკოვნიკი ლეონიდ ივაშოვი რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ომის პროვოცირებაზე უარის თქმისა და გადადგომისკენ მოუწოდებს.

მიმართვას შეუერთდა ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარე, პოლკოვნიკი პეტროვი. მიმართვა მხარდასაჭერად შეთავაზებულია  საბჭოს წევრებისთვის. „რუსეთის ოფიცერთა ასამბლეა“ აერთიანებს შეიარაღებული ძალებისა და ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანებს, რომლებიც არ ეთანხმებიან შეიარაღებული ძალების დღევანდელ პოლიტიკას.

ლეონიდ ივაშოვი წერს, რომ თუ ადრე რუსეთი „აუცილებელ სამხედრო მოქმედებებს“ აწარმოებდა, ახლა პირველად არის, როდესაც შეიძლება მოექცეს მოსალოდნელი ომის ცენტრში, რომელიც უზარმაზარი ტრაგედია და მძიმე დანაშაული იქნება. მისი თქმით, რუსეთს ეგზისტენციალური საფრთხე უდგას არა გარე ძალების მხრიდან, არამედ იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით დეგრადაციას განიცდის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფერო, დემოგრაფიის ჩათლვით.

„საგარეო საფრთხეები არ არის კრიტიკული — სტრატეგიული სტაბილურობა შენარჩუნებულია, ბირთვული იარაღი საიმედო კონტროლის ქვეშაა, ნატოს ძალები არ იზრდება, რუსეთისთვის მუქარის შემცველ აქტივობებს არ ავლენს“, — ნათქვამია მიმართვაში.

ლეონიდ ივაშოვი აკრიტიკებს რუსეთს იმის გამო, რომ ნაცვლად მიმზიდველი მოდელის შექმნისა, ყველა მეზობელს უბიძგებს განზე გადგომისკენ.

„ულტიმატუმის და ძალის გამოყენების მუქარით რუსეთისა და მისი ხელისუფლების “შეყვარების” იძულება არის უაზრო და სახიფათო. უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, პირველ რიგში, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს თავად რუსეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობას; მეორეც, ის სამუდამოდ აქცევს რუსებს და უკრაინელებს სასიკვდილო მტრებად. მესამე, მოიტანს  ათასობით (ათიათასობით) გარდაცვლილ ახალგაზრდას ორივე მხარეს, რაც იმოქმედებს მომავალ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. ბრძოლის ველზე, თუ ეს მოხდება, რუსეთის ჯარებს დაუპირისპირდებიან არა მხოლოდ უკრაინელი სამხედროები, რომელთა შორის იქნება ბევრი რუსი ბიჭი, არამედ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ნატოს მრავალი ქვეყნიდან, და ალიანსის წევრი ქვეყნები იძულებული იქნებიან, გამოუცხადონ ომი რუსეთს. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ნათელი გახადა, ვის მხარეს იომებს თურქეთი და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თურქეთის ორ საველე არმიას და საზღვაო ფლოტს დაევალება ყირიმისა და სევასტოპოლის „გათავისუფლება“ და შესაძლოა, კავკასიაში შეჭრა“, – ნათქვამია მიმართვაში.

ლეონიდ ივაშოვის თქმით, რუსეთი აუცილებლად მოხვდება იმ ქვეყნების კატეგორიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მშვიდობასა და საერთაშორისო უსაფრთხოებას, დაექვემდებარება უმძიმეს სანქციებს. მისივე აზრით, კრემლში აცნობიერებენ მოსალოდნელ შედეგებს, თუმცა ომი არის ანტინაციონალური ხელისუფლების დროებით შენარჩუნების გზა.

„რუსეთის პრეზიდენტისგან ჩვენ, რუსეთის ოფიცრები, ვითხოვთ, უარი თქვას ომის პროვოცირების დანაშაულებრივ პოლიტიკაზე, შექმნას წინაპირობა კონსტიტუციის მესამე მუხლის პრაქტიკაში ასამოქმედებლად და გადაგდეს“, — ნათქვამია მიმართვაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი