ახალი ამბები

რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს — დეგნანი

5 თებერვალი, 2022 • 1157
რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს — დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის სიტყვებით, საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმაში, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს. აღნიშნულის შესახებ მან “ამერიკის ხმის” გადაცემაში “ხედვა ვაშინგტონიდან” ისაუბრა და რუსეთის მისწრაფებებსაც გაუსვა ხაზი.

“შეერთებული შტატები აცნობიერებს იმ ეკონომიკურ პოტენციალს, რომელიც საქართველოს ამ რეგიონში აქვს. ხედვა, რომელიც საქართველოს აქვს, იყოს დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ერთადერთი მარშრუტია, რომელიც რუსეთზე ან ირანზე არ გადის.

რეგიონში დემოკრატიული ქვეყნის ქონა, რომელიც სტაბილური და პროგნოზირებადია, კომერციული ტვირთების ცენტრალური აზიიდან ევროპაში გადასასაზიდად ძალიან მნიშვნელოვანია; ასევე, მისი როლის გამოც, რომელსაც საქართველო თამაშობს შავი ზღვის უსაფრთხოებაში”, — დასძინა მან.

კელი დეგნანის თქმით, “საქართველოს მნიშვნელოვანი სამართალდამცავი როლიც აქვს ფართო უსაფრთხოების როლთან ერთად”.

“რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის შავ ზღვაში. საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს იმისთვის, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს, რომელიც ყველა ჩვენი ქვეყნის გემებისთვის იქნება გახსნილი”, — დასძინა ელჩმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი