ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“განჯისკარის საკითხი არ არის დღის წესრიგში” – საგარეოს პრესსპიკერი

4 თებერვალი, 2022 • 2254
“განჯისკარის საკითხი არ არის დღის წესრიგში” – საგარეოს პრესსპიკერი

აზერბაიჯანისთვის განჯის ჭიშკრის დაბრუნების საკითხზე აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის განცხადების საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს აკეთებს.

“აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რასაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი ადასტურებს, მათ შორის კულტურის მიმართულებით. რაც შეეხება განჯისკარის საკითხს, ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არც საქრთველოსა და აზერბაჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული, დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს, მაგრამ განჯისკარის საკითხი არ არის დღის წესრიგში”, – აცხადებს სამინისტროს პრესსპიკერი, მარი ნარჩემაშვილი.

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა, ანარ ქერიმოვმა, ქალაქ განჯაში 3 თებერვლის ვიზიტის დროს ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ აზერბაიჯანს საქართველოდან განჯის ჭიშკრის დაბრუნება სურს.

აზერბაიჯანს საქართველოდან განჯის ჭიშკრის დაბრუნება სურს

არსებული ისტორიული წყაროების მიხედვით, მეფე დემეტრე I-მა (1125-1156 წწ.) 1138-1139 წლებში განჯაში ლაშქრობისას ქალაქი აიღო, მისი ჭიშკარი კი, გამარჯვების ნიშნად წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა, როგორც სამხედრო ნადავლი. ფრაგმენტი ქართული წარწერით დღემდე გელათშია დაცული. ის შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშად არის მიჩნეული. დამზადებულია თუჯისა და რკინისაგან, მოპირკეთებულია ორნამენტებით და მოხატულობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი