ახალი ამბები

რუსეთი უკრაინაში შეჭრის საბაბის ფაბრიკაციას გეგმავს — პენტაგონი

4 თებერვალი, 2022 • 1016
რუსეთი უკრაინაში შეჭრის საბაბის ფაბრიკაციას გეგმავს — პენტაგონი

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრის საბაბის ფაბრიკაციას გეგმავს.

პენტაგონმა ჯერ კიდევ 14 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთმა მოამზადა ე.წ. ცრუ დროშის ოპერაცია — ოპერაცია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გამოიყურებოდეს, როგორც თავდასხმა რუსულენოვან მოსახლეობაზე აღმოსავლეთ უკრაინაში, რასაც რუსეთი შეჭრის საბაბად გამოიყენებს. 3 იანვარს კი პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი განიხილავს ყალბი, მძიმე შინაარსის ვიდეოს გავრცელებას, რომელშიც ნაჩვენები იქნება გვამები და განადგურებული ადგილები, ყალბი უკრაინული სამხედრო ტექნიკა, თურქული წარმოების დრონები და რუსული გლოვა მსახიობების მონაწილეობით.

კირბის თქმით, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია, რომელსაც რუსეთი განიხილავს და აშშ-ის მიერ მისი გამომზეურება მიზნად ისახავს, მოსკოვმა უარი თქვას აღნიშნული სცენარის განხორციელებაზე.

რუსეთმა ბოლო თვეების განმავლობაში საკუთარი სამხედრო ძალების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა გადაისროლა ბელარუსსა და რუსეთის იმ რეგიონებში, რომლებიც უკრაინას ესაზღვრება.

უკრაინისა და დასავლური სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურების ცნობებით, რუსეთი შესაძლოა, ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმისთვის ემზადებოდეს. მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი