უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების, Bayraktar-ების ქარხანა აშენდება.
მან ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის დღეს მოეწერება ხელი შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში აშენდება საფრენი აპარატების ქარხანა, რომელიც შექმნის სამხედრო დრონებს.
მისი განცხადებით, ასევე შეიქმნება სასწავლო ცენტრი, სადაც მომავალი პილოტები და ოპერატორები შეისწავლიან უპილოტო საფრენი აპარატების მართვას.
დღეს უკრაინაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩავიდა. მხარეებს შორის იგეგმება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება.
თურქული Bayraktar-ები განსაკუთრებით პოპულარული გახდა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ. სამხედრო ანალიტიკოსთა უმრავლესობის თანახმად, აზერბაიჯანულმა მხარემ ომში გარდამტეხი უპირატესობის მოპოვება სწორედ თურქული და უცხოეთიდან მოწოდებული სხვა საფრენი აპარატების დახმარებით შეძლო.