ახალი ამბები

“ვეფხისტყაოსანი” ბანგლადეშში, ბენგალურ ენაზე გამოიცა

3 თებერვალი, 2022 • 1472
“ვეფხისტყაოსანი” ბანგლადეშში, ბენგალურ ენაზე გამოიცა

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” ბანგლადეშში პირველად გამოიცა. ინდოეთში საქართველოს საელჩოს თანახმად, წიგნი ბენგალურ ენაზე მიმდინარე წლის იანვარში გამოსცეს, მისი ოფიციალური პრეზენტაცია კი უახლოეს მომავალში, ბანგლადეშის დედაქალაქში შედგება.

საელჩოს თანახმად, პოემის თარგმანი ტაჰერულ ისლამ ტაჰერს ეკუთვნის, გამოცემისთვის შექმნილი, “ბენგალური სუბკონტინენტური კულტურის თავისებურებების გათვალისწინებით შესრულებული ილუსტრაციები” კი მაჰმუდ ჰასანმა მოამზადა.

“პოემის თარგმანი ეკუთვნის ბატონ ტაჰერულ ისლამ ტაჰერს, ხოლო წიგნისთვის შექმნილი, ბენგალური სუბკონტინენტური კულტურის თავისებურებების გათვალისწინებით შესრულებული ილუსტრაციები მოამზადა ბატონმა მაჰმუდ ჰასანმა”, — დასძენს უწყება.

საელჩოს განცხადებით, პოემის ბენგალურად გამოცემა საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს უკავშირდება:

“მივესალმებით „ვეფხისტყაოსნის“ წარმატებით გამოცემას უძველეს ბენგალურ ენაზე, რომლის სიდიადე უკვდავყო მსოფლიოს უდიდესმა პოეტმა, რაბინდრანათ თაგორმა.

როგორც ცნობილია, ბენგალური ენა მიეკუთვნება მსოფლიოს ათ ყველაზე გამორჩეულ ენას სიძველითა და სილამაზით, ასევე, შესანიშნავი დამწერლობისა და ჟღერადობის გამო.

მასზე საუბრობს 200 მილიონზე მეტი ადამიანი ბანგლადეშში, ინდოეთის დასავლეთ ბენგალისა და ტრიპურას შტატებში და ასამის შტატის რეგიონში Barak Valley. ის სიდიდით მეშვიდე ენაა მსოფლიოში”.

განცხადების თანახმად, უახლოეს მომავალში დაგეგმილ პრეზენტაციაზე წიგნს ბანგლადეშის საზოგადოებასა და მთავრობის წევრებს წარუდგენენ ინდოეთში საქართველოს ელჩი და ბანგლადეშში საქართველოს საპატიო კონსული.

„ვეფხისტყაოსნის“ ბენგალურ ენაზე თარგმნა მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ რუსთველოლოგიის განვითარებისთვის, არამედ – კაცობრიობისთვისაც, ხალხებს შორის ურთიერთდაახლოების, მშვიდობიანი თანაარსებობისა და მეგობრობის განმტკიცებისთვის.

…წიგნი ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ბენგალელი მკითხველისთვის, რაც მათ მისცემს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის შესაძლებლობას”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი