ტელეკომპანიები, „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ გორის კულტურის ცენტრში ერთ-ერთი ჩინოსანი კრიპტოვალუტების ქარხანას ამუშავებდა.

ტელეარხების თანახმად, აღნიშნულ პირს ბიტკოინებების მაინერები (ანუ კრიპტოვალუტის მომპოვებელი მოწყობილობები) სამსასახურში ჰქოდა დაყენებული, ელექტროენერგიის  გადასახადს კი სახელმწიფო ბიუჯეტი იხდიდა.

მედიასაშუალებების თანახმად, ყოველთვიური გადასახადი დაახლოებით 6 000 ლარს შეადგენდა და მაინერები თითქმის 2 წლის განმავლობაში იყო ჩართული. მაინერებს დიდი ოდენობით ელექტროენერგია ესაჭიროება.

გორის კულტურის ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ მაინერებისა და ამ ამბის შესახებ არაფერი იციან.

სახელმწიფო უსაფრთხოების პრესცენტრში „ნეტგაზეთს“ მხოლოდ ის დაუდასტურეს, რომ „გორის კულტურის სახლში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს“.

უწყებას არ დაუზუსტებია, რას მოიცავდა საგამოძიებო მოქმედებები ან ფიგურირებს თუ არა საქმეში ბიტკოინების უკანონო მაინინგი.

„გამოძიება მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა“, — განუცხადეს „ნეტგაზეთს“ სუს-ში.


გარეკანის ფოტოზე გამოსახულ კრიპტოვალუტის მაინერს გორში მომხდარ სავარაუდო ამბავთან კავშირი არ აქვს.