ახალი ამბები

“კომპრომისი სისუსტე არაა” — მიკსერი პოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობაზე

3 თებერვალი, 2022 • 1964
“კომპრომისი სისუსტე არაა” — მიკსერი პოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობაზე

ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ქვეყანაში პოლიტიკური ანტაგონიზმისა და პოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მიკსერის თქმით, მისი ქართველი კოლეგები დათმობას სისუსტედ განიხილავენ, როდესაც ეს ზრდასრულობის და სიძლიერის ნიშანია.

„ევროპარლამენტი კომპრომისზე ორიენტირებული ინსტიტუტია. მე იქ ვხედავ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მზაობას, იპოვონ კომპრომისი, ააგონ ხიდები. ეს არის სიძლიერის და ზრდასრულობის ნიშანი. როცა ქართველებს ვესაუბრები სხვადასხვა პარტიიდან, ვხედავ, რომ მათთვის დათმობა სისუსტეა. ეს მიდგომა უნდა გადავლახოთ“, — განაცხადა მიკსერმა.

სვენ მიკსერის თქმით, ევროპაში კონსენსუსია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე.

„ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს [ევროპული] მისწრაფებებისადმი არ არის ერთი ან მეორე პოლიტიკური პარტიის ან რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მხარდაჭერის ინდიკატორი. ეს არის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ გამოვხატავთ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებისადმი. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა კლასმა, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებებმა გაამართლონ ხალხის მოლოდინები და არ გაუცრუონ მათ იმედი. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკა არა მარტო ამ ქვეყანაში, არამედ ბევრგან, უფრო და უფრო ანტაგონისტური და პოლარიზებული ხდება. საქართველო ერთ-ერთი მაგალითია, სადაც პოლიტიკურმა ანტაგონიზმმა და პოლიტიკურმა პოლარიზაციამ გეოპოლიტიკური პროცესი, გეოპოლიტიკური დისკურსი შეაფერხა. დიდი ხნით ასეთი განზე დგომა აზიანებს ქართველი ხალხის მისწრაფებებს“, — განაცხადა მიკსერმა.

ამ კონტექსტში მიკსერმა გაიხსენა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მზაობა, დახმარებოდა საქართველოს კრიზისი გადალახვაში, ასევე, თქვა, რომ ევროპარლამენტი მზად არის, ჟან მონეს დიალოგის საშუალებით დაეხმაროს საქართველოს რეფორმების გატარებაში. მისი თქმით, ევროკავშირი იმედგაცრუებულია, რომ პარტიების ნაწილი თავიდან არ შეუერთდა, შემდეგ კი მმართველი გუნდი გამოვიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან. მისი თქმით, ევროკავშირი ისევ ელის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების ჩათვლით.

„გამოწვევები არის მრავალწახნაგოვანი. მხოლოდ ტექნიკური სამუშაო არ არის შესასრულებელი. არის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრინციპი, სტანდარტი და პირობა, რომელიც უნდა შესრულდეს, რომ ქვეყანა ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯებისთვის იყო მზად, მათ შორის გახლავთ სტანდარტები, რომლებიც დაკავშირებულია კანონის უზენაესობასთან, ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან. გაწევრიანების მსურველმა სახელმწიფომ ევროკავშირის სტანდარტებს პატივი უნდა სცეს. როდესაც ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე ვსაუბრობთ, ეს არ გახლავთ შუალედური სტანდარტების მოძებნა ქვეყნის და ევროკავშირის სტანდარტებს შორის, ზოგადი მოთხოვნაა, ქვეყანამ დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები“, — განაცხადა სვენ მიკსერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი