მოსკოვში აფხაზურ და რუსულ მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა “აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის” განხორციელების შესახებ. ინფორმაციას აფხაზეთის ეკონომიკის დე ფაქტო სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა განიხილეს სამართლებრივი რეგულირების საკითხები საინვესტიციო, საგადასახადო, საგანმანათლებლო, საბაჟო და ჯანდაცვის სფეროებში.
რუსეთსა და აფხაზეთს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროგრამა 2020 წელს დამტკიცდა. აფხაზური მხარის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი სამოკავშირეო და სტრატრეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის 2014 წელს გაფორმდა. მისი მიზანი კი რუსეთის საინტეგრაციო პროცესებში აფხაზეთის სრულფასოვანი მონაწილეობისთვის კარგი პირობების შექმნაა.
რუსეთმა აფხაზეთი [ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთი] დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ აღიარა. ოფიციალურად, მხარეები ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებს უწოდებენ.
