ახალი ამბები

ენმ: სახელმწიფოს საგარეჯოში ეკლესიის ასაშენებლად ტერიტორია ვაჩუქეთ, ყოფილმა მერმა ეს მიწა ახლობელს გადასცა იჯარით

31 იანვარი, 2022 •
ენმ: სახელმწიფოს საგარეჯოში ეკლესიის ასაშენებლად ტერიტორია ვაჩუქეთ, ყოფილმა მერმა ეს მიწა ახლობელს გადასცა იჯარით

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ საგარეჯოს ცენტრში პარტიის კუთვნილი მიწის ნაკვეთი 2012 წელს სახელმწიფოს გადასცეს ეკლესიისა და სკვერის გასაშენებლად, მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა ტერიტორია საკუთარი ბიზნესინეტერესებისთვის გამოიყენა. აღნიშნულ ბრალდებას ყოფილი მერი უარყოფს და ამბობს, რომ ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით არავითარი ინტერესი არ აქვს და არც ჰქონია.

საქმე ეხება საგარეჯოს ცენტრში, აღმაშენებლის #16 ნომერში მდებარე 529 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც 2006 წელს  “ნაციონალურმა მოძროაბამ” აუქციონზე შეისყიდა. პარტიის წარმომადგენლის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, მოგვიანებით, 2012 წელს, აღნიშნული ტერიტორია, ადგილობრივების თხოვნით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” სახელმწიფოს დაუთმო ეკლესიისა და სკვერის მშენებლობის დაწყებისთვის.

ენმ-ის წარმომადგენლების განცხადებით, იმ პერიოდში თვითმმართველობას ამ მიზნით 50 ათასი ლარიც გადაეცა. თუმცა, ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ ტერიტორიაზე ეკლესია და სკვერი არ გაშენებულა.

პარტიის წარმომადგენლის განმარტებით, 2012-2016 წლებში ტერიტორია სახელმწიფო ბალანსზე იყო, 2016 წელს კი საგარეჯოს თვითმმართველობას გადაეცა.

მოგვიანებით, 2021 წელს, მაშინ, როდესაც საგარეჯოს მერი ჯერ კიდევ ერბოწონაშვილი იყო, ტერიტორია იჯარით აიღო მოქალაქე გიორგი ურუშაძემ. თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების, ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ბოტკოველის მტკიცებით, ამ ტერიტორიის რეალური განმკარგავი სწორედ საგარეჯოს ყოფილი მერი, გიორგი ერბოწონაშვილია:

“2016 წელს, გიორგი ერბოწონაშვილის მერობამდე, ეს ტერიტორია სახელმწიფოსგან გამოითხოვეს და მუნიციპალიტეტს გადაეცა. 2021 წელს საგარეჯოს მერს არაერთი მცდელობა ჰქონდა, რომ ეს ტერიტორია გასხვისებულიყო და მის ხელში პირდაპირი განკარგვის უფლებით ჩავარდნილიყო. მაშინდელმა საკრებულომ და საკრებულოს ოპოზიციამ წინააღმდეგობა გაუწია ამ პროცესს და ეს პროცესიც შეჩერდა.

თუმცა, ძალიან მალევე, გიორგი ერბოწონაშვილმა, საგარეჯოს მერმა, ეს ტერიტორია საკუთარი გადაწყვეტილებით გადასცა თავისთან დაახლოებულ პიროვნებას [იგულისხმება გიორგი ურუშაძე] და დღეს იქ სავაჭრო კომერციული ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს”, – განაცხადა ბოტკოველმა დღეს, 31 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

“ნეტგაზეთი” საგარეჯოს მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ არც ამჟამინდელმა მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა და არც მისმა მოადგილეებმა აღნიშნულის შესახებ არაფერი იციან.

“ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა თავად გიორგი ერბოწონაშვილსაც, რომელმაც ენმ-ის ბრალდებები უარყო. მისი თქმით, არავითარი კავშირი აქვს გიორგი ურუშაძესთან.

“ეს მიწა აბსოლუტურად კანონიერად, აუქციონის წესით, იჯარით აიღო [ურუშაძემ]. აუქციონი იყო საჯარო და ვისაც უნდოდა მონაწილეობის მიღება, შეეძლო.

ითქვა, პირდაპირი წესით გადაეცაო. მატყუარაა ბოტკოველიც და ხაბეიშვილიც. პირდაპირი წესით მერს გადაცემის უფლება არ აქვს და ასეთი რამე არც მომხდარა ჩემი მერობის პერიოდში. გამორიცხულია და ვერავინ გააკეთებს ამას.

როგორც კანონი მოითხოვდა, ისე გაკეთდა, გავიტანეთ აუქციონზე და ვინ მოიგო აუქციონი, სახელი და გვარი არ მახსოვს. საერთოდ არანაირი ინტერესი არ გამაჩნია მე მაგ მიწასთან დაკავშირებით”, – განმარტა ერბოწონაშვილმა.

მისი თქმით, არ ახსოვს, რა ვალდებულებები იყო განსაზღვრული იჯარის პირობაში, ასევე არ აქვს ინფორმაცია, თუ რას აშენებს გიორგი ურუშაძე.

საჯარო რეესტრის თანახმად, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 529 კვ.მ. ურუშაძეს 25-წლიანი იჯარით გადაეცა. მისი ქვემოიჯარე კი შპს “ჯი ბი დეველოპმენტია”, ხოლო ქვეიჯარის მოქმედების ვადა 2046 წლის მარტამდეა განსაზღვრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი