ახალი ამბები

თქვენც შეგიძლიათ იჯარით აიღოთ ტყის უბანი — მინისტრი

31 იანვარი, 2022 •
თქვენც შეგიძლიათ იჯარით აიღოთ ტყის უბანი — მინისტრი

სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის მეუღლის მიერ ბაკურიანში ტყის მონაკვეთის იჯარით აღება ლეგალურად, ტყის კოდექსის დაცვით მოხდა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იგივეს გაკეთება.

„თითოეულ თქვენგანს, ვინც დღეს ესწრება ამ ბრიფინგს, შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში გადმოგცეთ თქვენ, ასევე, საიჯარო ვალდებულებებით. ეს ჩუქება კი არ არის, ეს არის ვალდებულებები მათთვის, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და პლუს, ამაში სახელმწიფოს თანხა [წელიწადში 5 000 ლარზე მეტი] გადაუხადონ. ეს იყო ღია აუქციონის პირობებში, კანონმდებლობის ყველა მოთხოვნით გადაწყვეტილი საიჯარო ხელშეკრულება. რამდენადაც არავინ არის პრივილეგირებული, ყველას შეეძლო ამ აუქციონში მონაწილეობა და ნებისმიერი ტყის ობიექტი, რომელიც შესაძლებელია, რომ იმ კრიტერიუმებით, რომელიც ეროვნულ სატყეო სააგენტოს გააჩნია, თქვენც შეგიძლიათ, ასეთივე სარგებლობით, იჯარით აიღოთ ტყის უბანი, თუ თქვენ მზად ხართ, საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები იკისროთ. ნებისმიერ მსურველს, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია იგივე გააკეთოს“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება, ტყეში სასურველი მდგომარეობა ჰქონდეს. მინისტრის თქმით, ათეულობით მსგავსი ხელშეკრულებაა გაფორმებული და ასევე, ასეულობით განაცხადი გაიჯარების შესახებ, რომლებზეც კითხვა არ დასმულა.

„რამდენადაც ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია, აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რომ ვიღაც საუბრობს პრემიერ-მინისტრის ოჯახზე ან რომელიმე თანამდებობის პირის ოჯახზე… ტყუილად ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია. ჩვენს ძალიან ბევრ მოიჯარეში შეიძლება იყოს ბევრი ნაცნობი პირი და უცნობი პირი. მოდი, უცნობი პირებიც თქვით… მთავარია, რომ აქ არის გამჭვირვალობა და თანაბარი პირობები, ხოლო სახელმწიფოს ინტერესები არის დაცული“, — თქვა მან.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, ნუნუ თამაზაშვილის საიჯარო ვალდებულებაა ტყის აღნიშნულ მონაკვეთში მერქნიანი მცენარეების შენარჩუნება და მოვლა, ხოლო კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები სატყეო სააგენტოსთან შეთანხმდება.

დაბა ბაკურიანში 5958 კვ/მ ფართობის ტყე 49 წლით სარგებლობაში პრემიერ ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს გასული წლის დეკემბერში გადაეცა.

დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია ჯერჯერობით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და ის ტყის ფონდში ირიცხება. მის მომიჯნავედ კი ნუნუ თამაზაშვილი ცალკე 1 530 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთსაც ფლობს საკუთრებაში. ეს ნაკვეთი კი სასოფლო- სამეურნეო [საკარმიდამო] დანიშნულებისაა.

ეს საკარმიდამო ნაკვეთი თამაზაშვილს, დოკუმენტების მიხედვით, ორ ნაწილად, 2017 და 2019 წლებში აქვს ნაყიდი კერძო პირებისგან, შემდეგ კი, გაერთიანებული ერთ ნაკვეთად.

პრემიერის ცოლს ბაკურიანში ტყის ფართობი 49 წლით სარგებლობაში გადაეცა

მასალების გადაბეჭდვის წესი