ახალი ამბები

რუსეთის ქმედებებზე უკრაინის რადას რეზოლუციის ტექსტი ქართველ დეპუტატებსაც დაეგზავნათ

29 იანვარი, 2022 •
რუსეთის ქმედებებზე უკრაინის რადას რეზოლუციის ტექსტი ქართველ დეპუტატებსაც დაეგზავნათ

უკრაინის უმაღლესი რადას მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლითაც კიევი მსოფლიოს მოუწოდებს, დაგმოს რუსეთის ფედერაციის ქმედებები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებსაც დაეგზავნათ. დეპუტატ თეონა აქუბარდიას ცნობით, ქართველმა კანონმდებლებმა მიიღეს როგორც რეზოლუციის ორიგინალი ტექსტი, ისე მისი თარგმანი ქართულად.

საუბარია რეზოლუციაზე, რომელიც  რადამ 25 იანვარს მიიღო. დოკუმენტი ეხება “რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინასთან მიმართებაში სამხედრო შანტაჟის მიუღებლობას… რომელსაც იგი ახორციელებს უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დაუშვებლობის მიზნით”.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინის რადა გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას კიევის წინააღმდეგ 2014 წლიდან დღემდე და ხაზს უსვამს, რომ უკრაინა, ნატო და ევროკავშირი ერთიანდებიან თავიანთ პოზიციაში უკრაინის სუვერენულ უფლებასთან დაკავშირებით, განსაზღვროს შემდგომი ინტეგრაციის ვექტორი.

რეზოლუციით, უმაღლესი რადა მოუწოდებებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ევროპარლამენტს, უცხო სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო ასამბლეებს:

დაგმონ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომლებიც მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, როგორც ისეთი, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს;

მკაცრად დაგმონ რუსეთის ფედერაციის პოზიცია, რომელიც მიმართულია რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო პოლიტიკურ და დიპლომატიურ ძალისხმევაში პროგრესის დაბლოკვისკენ;

გამოიყენონ ყველა შესაძლო დიპლომატიური საშუალება, რათა ხელი შეუწყონ სიტუაციის დეესკალაციას, უკრაინის საზღვრებიდან რუსული ჯარების გაყვანას, ასევე რუსეთის ფედერაციის მიერ გავლენის ზონებზე ევროპის გადანაწილების აგრესიულ ზრახვებზე სრულად უარის თქმას;

არ დაუშვან რუსეთის ფედერაციის მხრიდან შანტაჟისა და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრით მუქარის გაგრძელება ნატოს გაფართოებისა და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციის დაუშვებლობის გარანტიების სანაცვლოდ, ასევე ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვა;

ხელი შეუწყონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, მისი შეიარაღებული ძალების განვითარებას ნატოს სტანდარტების შესაბამისად;

მხარი დაუჭირონ უკრაინის მისწრაფებებს მისი ევროპული პერსპექტივის აღიარებისა და ნატოში ჩვენი ქვეყნის შემდგომი ინტეგრაციისთვის კონკრეტული დროის ფარგლებისა და მადლობების განსაზღვრის თაობაზე;

გამოიყენონ ყველა შესაძლო საერთაშორისო პოლიტიკური და დიპლომატიური მექანიზმი რუსეთის ფედერაციის მიმართებაში, აგრესიული მოქმედებების გაფართოებისა და უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნის გაზრდის შეჩერების მიზნით;

გააძლიერონ სასანქციო ზეწოლა ოკუპანტ სახელმწიფოზე მის მიერ შეიარაღებული აგრესიის სრულ შეწყვეტამდე და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მის საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებში.

უკრაინული მედია წერდა, რომ დოკუმენტი გაეგზავნებოდა როგორც გაეროს, ისე ევროპარლამენტს, სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პარლამენტარ თეონა აქუბარდიას თქმით, რეზოლუციის ორიგინალი და არაოფიციალური ქართული თარგმანი საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვისაც ხელმისაწვდომია.

“მინდა იმედი ვიქონიო მაინც, რომ მომართვის შესაბამისი ტექსტის ( რეზოლუციის) მიღებას შეძლებს საქართველოს პარლამენტი. საგარეო კომიტეტზე მე ვეცდები ეს საკითხი დავაყენო კიდევ ერთხელ”, — წერს ის სოციალურ ქსელში.

26 იანვარს ცნობილი, გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი, სადაც რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები.

ამ მიზეზით, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა დოკუმენტზე შეერთება გადაიფიქრა და საკუთარი ვერსია მოამზადა. საპასუხოდ, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ “ზოგიერთი ოპოზიციონერი რეზოლუციაშიც საკუთარ დღის წესრიგს ხედავს”.

27 იანვარს პარტიამ “დროა” უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია შექმნა. ტექსტის ავტორები მოუწოდებენ პარლამენტსა და მთავრობას, გააძლიერონ “საქართველოს წვლილის შეტანა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის არდაშვებაში”.

ყოველივე ეს ხდება უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების პარალელურად, რაც დასავლეთში აჩენს შიშს, რომ მოსკოვი, შესაძლოა, თავს დაესხას უკრაინას. რუსეთის ხელისუფლება აღნიშნულ განზრახვას უარყოფს.

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს სანქციებით ემუქრებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახსენა პერსონალური სანქციების შესაძლებლობაც უშუალოდ ვლადიმერ პუტინის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი