ახალი ამბები

„მქონდა ივანიშვილთან საუბრის სურვილი და მიპასუხა, პოლიტიკაში არ ვარო“ — ზურაბიშვილი

28 იანვარი, 2022 • 2340
„მქონდა ივანიშვილთან საუბრის სურვილი და მიპასუხა, პოლიტიკაში არ ვარო“ — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სურდა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის აეხსნა, თუ რა ტიპის ე.წ. შეთანხმების პროცესი წამოიწყო, მაგრამ ეს საუბარი არ შედგა. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს მედიის წარმომადგენლებს განუცხადა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე.

„თითქმის ბოლო 1.5 წელია, არ მქონია ბიძინა ივანიშვილთან არანაირი ურთიერთობა. იმასაც გეტყვით, რომ მქონდა სურვილი, რომ მისთვისაც ამეხსნა, რას გულისხმობს ეს პროცესი. შევთავაზე და მიპასუხა, მე პოლიტიკაში აღარ ვარო. არც მითქვამს წინასწარ, რომ საუბარი ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა“, — თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკვე რამდენიმე კვირაა, ხვდება პოლიტიკოსებს, ბიზნესისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელებს. პრეზიდენტის თქმით, მას სურს, პოლარიზაციის დაძლევაში საკუთარი წვლილი შეიტანოს და მიაღწიოს ერთგვარ „თანხმობას“ საზოგადოებაში გარკვეულ საკითხებზე.

„საზოგადოება გადაწყვეტს, ეს პროცესი რამდენად წავა წინ. თუნდაც ის, რომ რაღაც დაპირისპირების, დუღილის კოეფიციენტი ცოტა ჩაცხრება და მგონია, რომ ცოტათი მაინც ჩაცხრა, ეს საუბრები, პირველ რიგში, ამას მოიტანს”, — განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 28 იანვარს გამართულ შეხვედრაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი