ახალი ამბები

მეჯვრისხევის და ჯარიაშენის მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს — სუსი

28 იანვარი, 2022 • 727
მეჯვრისხევის და ჯარიაშენის მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს — სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა ტიპის უკანონო აქტივობები განახორციელეს.

სუს-ის თქმით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან და მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის გასწვრივ არსებულ საოკუპაციო ხაზზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება ხორციელდება.

„კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ამასთან, აღნიშნული საკითხები, საოკუპაციო ძალების დესტრუქციული აქტივობების სხვა იდენტიფიცირებულ ფაქტებთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნა დასმული მიმდინარე წლის 20 იანვარს, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 104-ე შეხვედრაზე“, — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.

“უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა წარმოადგენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები აზიანებს
ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი