ახალი ამბები

დადგა დრო გამანადგურებელი სანქციების დაწესებისა — კალიურანდი

27 იანვარი, 2022 • 1845
დადგა დრო გამანადგურებელი სანქციების დაწესებისა — კალიურანდი

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი რუსეთისათვის მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებაზე საუბრობს. ტელეკომპანია “იმედთან” უკრაინის საკითხზე საუბრისას ევროპარლამენტარმა დასძინა, რომ თუ რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს, ეს უკანასკნელი მოსკოვს ბაზრის გარეშე დატოვებს.

შესაძლო სანქციების კონტექსტში, ევროპარლამენტარი ახსენებს საერთაშორისო ფინანსურ სისტემას(SWIFT) და გაზსადენს(“ჩრდილოეთის ნაკადი 2”), რომელიც რუსეთიდან გერმანიაში გაზის ტრანსპორტირებისთვის აშენდა.

“დღეს არავინ იცის, რა იქნება და არც პუტინს აქვს გადაწყვეტილი შემდეგი ნაბიჯი. ზუსტად ამ გაუგებრობის, არაპროგნოზირებადობისა და უარესი მოლოდინის გამო არის უკიდურესად კრიტიკული სიტუაცია.

დადგა დრო გამანადგურებელი სანქციების დაწესებისა. უნდა წავიდეთ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-“ის გაჩერებაზე. რუსეთი უნდა გავაძევოთ SWIFT-ის შეთანხნებიდან, ანუ ფინანსური რეგულაციებიდან.

“ჩრდილოეთ ნაკადი-2″-ზე ძალიან ძნელია გადაწყვეტილების მიღება. მოლაპრაკებებია ევროპის გაზით მომარაგების ალტერნატიულ გზებზე.

გვახსოვდეს, რუსეთი არ არის კუნძული. რუსეთი დამოკიდებულია ევროპის ბაზარზე და ეს არ არის ე.წ. შოპინგის თემა და ევროპაში დროის გატარება.

რუსული ეკონომიკა დაკავშირებულია ევროპასთან და ამიტომაც ეს არაა ცალმხრივი გზა. თუ რუსეთი შეწყვეტს გაზის მიწოდებას, ევროპა რუსეთს დატოვებს ბაზრის გარეშე, რომელსაც ჩინეთი ვერ ჩაანაცვლებს”, — აღნიშნავს მარინა კალიურანდი.

კომენტარის თარგმანს “იმედი” ავრცელებს.

მანამდე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა ნიკოლაი ჟურავლევმა თქვა, რომ თუკი რუსეთს საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან (SWIFT-დან) გათიშავენ, ევროპული ქვეყნები ვეღარ მიიღებენ გაზს, ნავთობსა და ლითონებს.

“ამერიკის ხმისა” და CNBC-ის ცნობით, თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს ევროპულ ქვეყნებთან და ენერგიის მწარმოებლებთან მთელ მსოფლიოში, რათა მოინახოს გზები დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ენერგიის მიწოდებისათვის იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეაჩერებს ნავთობისა და გაზის ექსპორტს უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების საპასუხოდ“.

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან. დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეებზე საუბრობენ, რასაც მოსკოვი უარყოფს.

თუ რუსეთს SWIFT-დან გათიშავენ, ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს — რუსი პოლიტიკოსი

მასალების გადაბეჭდვის წესი