ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კალანდარიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი

27 იანვარი, 2022 • 1140
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კალანდარიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას გაუწიეს რეკომენდაცია.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე 2 კანდიდატი იყო წარდგენილი: გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე. ამ უკანასკნელმა ვერ მიიღო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის იმ წევრთა მხარდაჭერა, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ.

გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს მოქმედი თავმჯდომარეა. ის საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ პრობლემად და გამოწვევად ასახელებს დეზინფორმაციასა და საარჩევნო კულტურას.

27 იანვრის სხდომაზე კენჭი უყარეს საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებსაც. 2 ვაკანტურ პოზიციაზე 4 კანდიდატურა იყო წარმოდგენილი: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია ზარიძესა და ცაცაშვილს.

ამასთან, კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაცია, როგორც კალანდარიშვილის, ისე ზარიძე-ცაცაშვილის კანდიდატურებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის გარეშე უყარონ კენჭი.

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და ორი წევრი 2021 წლის აგვისტოში  19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მიღებული ახალი კანონით 6 თვით აირჩია. უფლებამოსილების ვადა მათ თებერვლის დასაწყისში ეწურებათ.

თუმცა, სანამ ახალი კონკურსი გამოცხადდებოდა, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ახალ წესში 2021 წლის დეკემბერში ისევ ცვლილებები შევიდა, რითაც  შემცირდა ცესკოს წევრების ასარჩევი პროცედურის ვადა და კენჭისყრების რაოდენობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი