ახალი ამბები

სანატორიუმ “ქართლიდან” დევნილების განსახლების პროცესი დაიწყო — სააგენტო

27 იანვარი, 2022 • 1678
სანატორიუმ “ქართლიდან” დევნილების განსახლების პროცესი დაიწყო — სააგენტო

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი დაიწყო.

უწყების თანახმად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა გადაეცა ყოფილ სანატორიუმში მცხოვრებ 9 დევნილ ოჯახს.

“ასევე, იძულებით გადაადგილებულმა 7-მა ოჯახმა განსახლების ალტერნატიულ მოდელი აირჩია და თავად მოიძიეს საცხოვრებელი ფართები, რომლებსაც სააგენტო შეუსყიდის”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ ამ ეტაპზე, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ჩაჰბარდა სააგენტოს მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები:

“აღნიშნული საცხოვრებელი ფართები სააგენტომ, გაცემული დაპირების შესაბამისად, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შესთავაზა.

განსახლების პროცესი დაწყებულია და 2022 წელს, ეტაპობრივად, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით უპირობოდ დაკმაყოფილდება”.

სანატორიუმი “ქართლი”. ფოტო: ნეტგაზეთი/სოფო აფრიამაშვილი

სანატორიუმი “ქართლი” ავარიული შენობაა, რომლის მცხოვრებლებიც სახელმწიფოსგან ბინებით დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ითხოვენ.

სააგენტო კვლავ საუბრობს დევნილთა განსახლების ორ გზაზე:

1. დევნილ ოჯახებს თავად შეუძლიათ თბილისში ბინის მოძიება  და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომლის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში.

2. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო მათ სთავაზობს ქირის თანხით უზრუნველყოფას.

კორპუსი, რომელშიც დევნილებს ბინები შეუძინეს. ფოტო: დევნილთა სააგენტო

ადგილობრივების განცხადებით, სანატორიუმის შენობაში 140-150 ოჯახი ცხოვრობს. მათი ბინების ფართობები ძირითადად 12-15 კვადრატული მეტრს შეადგენს.

16 იანვარს “ქართლში” მცხოვრებმა 52 წლის კაცმა, ზურაბ ჭიჭოშვილმა, თავი მოიკლა. ოჯახის წევრები და მეზობლები ამბობენ, რომ მან ეს ნაბიჯი პროტესტის ნიშნად გადადგა – რადგან „ქართლი“ ცხოვრებისთვის შეუსაბამოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი