რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის მოთხოვნების საპასუხოდ გადაცემული წერილობითი პასუხის შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.
„როგორც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა გვითხრეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამჯობინებენ, დოკუმნტი დარჩეს კონფიდენციალური დიპლომატიური დიალოგისთვის, ის შეთანხმებულია ამერიკის ყველა მოკავშირესთან და უკრაინულ მხარესთან. შესაბამისად, ეჭვი არ მეპაება, რომ ის „გაჟონავს“ ძალიან ახლო მომავალში“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი განცხადებით, ის, თუ როგორი რეაგირება ექნება მოსკოვს ვაშინგტონის ნაბიჯებზე, გადაწყვეტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
ამერიკისა და ნატოს მიერ რუსეთისთვის გადაცემული წერილის დეტალური შინაარსი ამ დრომდე უცნობი რჩება, თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო კვლავ განაგრძობს ღია კარის პოლიტიკას.
სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან და პატივი უნდა სცეს სახელმწიფოების გადაწყვეტილებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი საგარეო თუ უსაფრთხოების პოლიტიკა.