ახალი ამბები

საქართველო რეპუტაციულად ზიანდება – კაკაჩია უკრაინის რეზოლუციაზე, სადაც რუსეთს არ ახსენებენ

26 იანვარი, 2022 • 1624
საქართველო რეპუტაციულად ზიანდება – კაკაჩია უკრაინის რეზოლუციაზე, სადაც რუსეთს არ ახსენებენ

პოლიტიკის მეცნიერის, კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ფაქტი, რომ “ოცნების” მიერ მომზადებულ რეზოლუციაში რუსეთი ნახსენები არაა, არის ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის გაგრძელება, “რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა ხელისუფლებაში მოსვლის დროს, როდესაც ითქვა, რომ მას არ სურს, საქართველო იყოს საჯილდაო ქვა დიდ სახელმწიფოებს შორის”.

“ამ პოლიტიკას დაარქვეს ნორმალიზაციის პოლიტიკა, რომელსაც თავიდან შედეგი ჰქონდა, მაგრამ დღეს ვიცით, რომ ეს პოლიტიკა გაიყინა და არავითარი შედეგი არ მოაქვს.

როგორც ჩანს, ფორმალური თუ არაფორმალური კონტაქტების შედეგად, ისინი შეთანხმდნენ რუსეთთან ნორმალიზაციის პოლიტიკაზე.

ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განცხადებაც, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთმა გააკეთა, რომ ისინი საქართველოსგან ელოდებიან დაბალანსებულ პოლიტიკას. რუსეთმა კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს, რომ თუ ის დაიწყებს უკრაინის მხარდაჭერას, რაზეც ისინი შეთანხმდნენ, მაგალითად, სავაჭრო ბაზრის გახსნა, ეკონომიკური ურთიერთობები და სხვა, გადაიხედება.

როგორც ჩანს, ეს რუსეთის ხელისუფლების ხელში სერიოზული კოზირია, ხოლო ქართული ოცნება ცდილობს არგაღიზიანების პოლიტიკას მიმართოს”, – აცხადებს კორნელი კაკაჩია ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, ქართული ოცნების მიერ მიღებული საგარეო გადაწყვეტილებები მიიღება საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით და არა ენთუზიაზმით.

“ქვეყანა გადავიდა რეაგირების რეჟიმში. როცა საზოგადოებიდან არის ზეწოლა ხელისუფლებაზე, მაშინ გაავრცელებენ განცხადებას, თუმცა ენთუზიაზმი არ იგრძნობა ამ განცხადებებში, რომ ეს ქვეყნის პოზიციაა.

ეს არ არის საგარეო პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკა უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ ინტერესებს. ყველამ ვიცით, რომ ფრონტის ხაზი გადის უკრაინაზე და თუ იქ რუსეთმა საკუთარ გეოპოლიტიკურ მიზნებს მიაღწია, ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას საქართველოზე.

ხელისუფლება და ქვეყანა უნდა გაერკვეს, რა უნდა მას, უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის ობიექტი თუ სუბიექტი. სუბიექტი ნიშნავს იმას, როდესაც ქვეყანა თავადვე იბრძვის საკუთარი ინტერესებისთვის და იყენებს ყველა საშუალებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალვე მეორე ფრონტი გავხსნათ, მაგრამ თუნდაც მაღალი დონის დელეგაციის ჩასვლა, მხარდამჭერი სტატიების დაწერა, პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა ძალიან დიდხანს დაამახსოვრდებოდა უკრაინელ ხალხს და, რაც მთავარია, ეს ჩვენ გვჭირდება, რათა ჩვენი ინტერესები დავაფიქსიროთ”, – აცხადებს კაკაჩია.

მისი განცხადებით, ამჟამად საქართველოს ეროვნული ინტერესები უკრაინაზე გადის, ხოლო “სირაქლემას პოზაში ყოფნა, ქვეყანას აზიანებს”.

“ამ გეოპოლიტიკური ვითარებიდან დიდი შანსია, რომ მოლაპარაკებები ჩვენ გარეშე წარიმართოს. დამაფიქრებელია, რომ რუსეთი ახსენებს უკრაინას, მაგრამ არ ახსენებს საქართველოს და ახსენებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს.

რუსეთში ჰქონიათ, რომ საქართველოს მიღებული აქვს სიგნალი და ეს სიგნალი სწორად გაიგეს. ამ დროს საზოგადოებრივი აზრი სრულიად სხვაგვარია. საგარეო პოლიტიკა უნდა გამოხატავდეს საზოგადოებრივ აზრს, არ შეიძლება ერთი სხვა მიმართულებით მიდიოდეს, მეორე კი – სხვა.

საქართველო და უკრაინა ერთ კონტექსტში განიხილება, ამ დროს საქართველო როცა სირაქლემას პოზაში დგება, ეს აფუჭებს ქვეყნის რეპუტაციას. უკრაინის შემდეგ რუსეთის სამიზნე არის საქართველო, ეს ყველამ იცის. რამდენიც არ უნდა დავიმალოთ, ადრე თუ გვიან ეს თავს წარმოაჩენს”, – აცხადებს იგი.


უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რუსეთი ნახსენები არაა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი