პოლიტიკის მეცნიერის, გია ნოდიას განცხადებით, რეზოლუციის ტექსტში აგრესორის ხსენებისგან თავის შეკავებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ცდილობს, ფორმალური პოზიცია დააფიქსიროს, ოღონდ ისე, რომ ამან რუსეთის გაღიზიანება არ გამოიწვიოს.
“ხელისუფლების პირველი ინსტინქტია, რომ არანაირი რეაქცია არ ჰქონდეს და თავდაპირველად ასეც ცდილობდა მოქმედებას, რომ თითქოს არაფერი ხდება და სრული იგნორირება გაეწია უკრაინის ამბებისთვის, მაგრამ რაღაც ეტაპზე ეს უხერხული გახდა და ფორმალურად მაინც, რაღაც უნდა ეთქვათ, ოღონდ ისეთი ფორმით, რომ რუსეთი არ გაღიზიანებულიყო.
როგორც ჩანს, ეს ფორმა იპოვეს, რომ უკრაინაზე რაღაც თქვეს, მაგრამ ისე, რომ რუსეთი არ გააღიზიანეს. ეს არის მთელი სიბრძნე ამ ყოველივეს უკან”, – განუცხადა ნოდიამ ნეტგაზეთს.
მისივე განცხადებით, არგაღიზიანების პოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში სასარგებლო არ არის, ხოლო საქართველო თუ არ ჩაერთვება საერთაშორისო სოლიდარობაში, ეს მას დააზიანებს.
” არის მოკლევადიან სარგებელზე გათვლილი პოლიტიკა. ერთი მხრივ, ამით ისინი საკუთარ ამომრჩეველს ასიამოვნებენ, რომ როგორ ჩანს, ისინი თვლიან და შესაძლოა არც ცდებიან, რომ მათ ამომრჩეველს ამგვარი პოლიტიკა მოსწონს, ხოლო მეორე მხრივ, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, ამწუთიერ საფრთხეებს ამცირებენ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს, რა თქმა უნდა, არაა შორსმჭვრეტელური პოლიტიკა, რადგან საქართველოს სუვერენიტეტი დამოკიდებულია საერთაშორისო მხარდაჭერაზე, იმიტომ, რომ პირდაპირ რუსეთის წინაშე დარჩენილ საქართველოს შანსი არ აქვს.
მას სჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა და მაშინ, როდესაც შენ თავად არ ამჟღავნებ ამ სოლიდარობას სხვის მიმართ, ამცირებ შანსს, რომ შენ მიმართაც გამოიჩენენ სოლიდარობას”, – განაცხადა გია ნოდიამ.
უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რუსეთი ნახსენები არაა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.