ახალი ამბები

ვფიქრობ, ხუთშაბათს იქნება ცნობილი, როდის გამოვა ენმ საპარლამენტო ბოიკოტიდან – დეკანოიძე

25 იანვარი, 2022 • 1130
ვფიქრობ, ხუთშაბათს იქნება ცნობილი, როდის გამოვა ენმ საპარლამენტო ბოიკოტიდან – დეკანოიძე

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ხუთშაბათს, 27 იანვარს, გახდება ცნობილი, შეწყვეტს თუ არა ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია საპარლამენტო ბოიკოტს.

ამის შესახებ დეკანოიძემ დღეს, 25 იანვარს, ფრაქციის  გაფართოებული სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქციის წევრებმა განიხილეს, თუ როგორ გააგრძელებენ საქმიანობას საგაზაფხულო სესიაზე.

დეკანოიძის განცხადებით, ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე ცენტრალური ადგილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საგამოძიებო კომისიის შექმნასაც.

„ასევე განვიხილეთ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ფრაქციის წევრებს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ჩვენი სტრატეგია. როგორც იცით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ამ დრომდე იმყოფება ბოიკოტში. მოვისმინე ჩემი თანაფრაქციელების მოსაზრებები და იყო გულწრფელი და ღია მსჯელობა. შესაბამისად, ეს სტრატეგიული ნაწილი, რაც შეეხება ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას, საჭიროებს კიდევ უფრო დაკონკრეტებას და სხვადასხვა დეტალების განხილვას.

ფრაქციის დიდი ნაწილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა ფრაქციის სხდომას. ხუთშაბათს ჩვენ გავაგრძელებთ სტრატეგიულ მსჯელობას და ვფიქრობ, რომ ცნობილი იქნება საბოლოო ჩვენი გადაწყვეტილება, გარდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საგამოძიებო კომისიისა და მათ შორის რეზოლუციისა, რომელზეც ვმუშაობთ, როგორი იქნება ჩვენი საქმიანობა საგაზაფხულო სესიაზე, როდის გამოვა ბოიკოტიდან „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი ფრაქციის საქმიანობა“, – განაცხადა დეკანოიძემ.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ენმ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა და სადეპუტატო მანდატების გაუქმებას ითხოვდა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები პარლამენტში 2021 წლის 8 ივნისს შევიდნენ. თუმცა, შესვლიდან 1 თვეში, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ პარტიამ ისევ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი