ახალი ამბები

ზუგდიდში ქალზე ძალადობის ვიდეოზე გენინსპექციამ შემოწმება დაიწყო — შსს

25 იანვარი, 2022 • 1339
ზუგდიდში ქალზე ძალადობის ვიდეოზე გენინსპექციამ შემოწმება დაიწყო — შსს

ქალზე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე, რომელიც ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის სანაპიროზეა გადაღებული, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, რომელიც სამართალდამცავთა გადაცდომებს იკვლევს, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც, სადაც ნათქვამია, რომ კაცი, რომელიც ქალზე ძალადობს პოლიციის თანამშრომელია.

მათივე განცხადებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე  ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ზემოხსენებული ვიდეო სოციალურ ქსელში პარტია “დროას” წევრმა მარიამ სიჭინავამ 25 იანვარს გაავრცელა. კადრების მიხედვით, კაცი ქალს თმას ქაჩავს, შემდეგ კი ორჯერ ურტყამს სახეში.

“ფორმიანი პოლიციელი ფიზიკურად ძალადობს ქალზე”, — წერს ის სოციალურ ქსელში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი