ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გაჭირვების გამო გადმოსული საქართველოს მოქალაქე უკვე დავაბრუნეთ”- ცხინვალი

25 იანვარი, 2022 • 3614
“გაჭირვების გამო გადმოსული საქართველოს მოქალაქე უკვე დავაბრუნეთ”- ცხინვალი

ოსური მხარის ცნობით, 22 იანვარს “სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის” ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ყოველგვარი საჯარიმო სანქციების გარეშე ქართულ მხარეს გადასცეს.

“22 იანვარს ცხინვალის სამხრეთ ნაწილში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის გამო რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურის მიერ დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მკვიდრი. გამოძიებით დადგინდა, რომ კანონდამრღვევს უკანონო მოქმედება აიძულა გამოუვალმა მდგომარეობამ, საქართველოში არასტაბილურმა სოციალურ-ეკონომიკურმა სიტუაციამ, ასევე, უმუშევრობის პრობლემამ”, – წერია განცხადებაში, რომელიც ოსურმა მხარემ გაავრცელა.

ამასთან, როგორც ცხინვალი აცხადებს, ამ გარემოებებისა და დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ის ყოველგვარი საჯარიმო სანქციის გარეშე 24 იანვარს ქართულ მხარეს გადასცეს.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განცხადება არ გაუვრცელებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი