ახალი ამბები

შემთხვევების 90% უკვე ომიკრონია – გამყრელიძე

25 იანვარი, 2022 •
შემთხვევების 90% უკვე ომიკრონია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი, ომიკრონ შტამის ცირკულირება საერთო შემთხვევების 90%-ს აღწევს.

ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ადამიანს აქვს რესპირატორული ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ტესტის დადებით პასუხს არ უნდა დაელოდოს და იზოლაციაში გადავიდეს:

„დღეს მთავარი გზავნილი ჩვენი მხრიდან გახლავთ ის, რომ ომიკრონის ცირკულაცია მომავალი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გაიზრდება. დღეს რომ 15 ათასზე მეტია დაფიქსირებული, ეს გამოვლენილი შემთხვევებია, მაგრამ რეალურად, რადგან დადებითობის მაჩვენებელი 20 პროცენტის ფარგლებშია, 3-4-ჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ. ეს ის კლინიკური შემთხვევებია, როცა მცირე ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ეს ადამიანები უნდა იყვნენ სახლში. მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ თუ გეწყება დამახასიათებელი რესპირაციული ინფექციისთვის სიმპტომები, როგორიცაა ხველა, თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი და ტემპერატურის მომატება, არ არის საჭირო, რამდენიმე ადგილას დაიტესტოთ, რადგან 90%-ში ცირკულირებს უკვე ომიკრონი. უნდა თქვათ, რომ დიდი ალბათობით ეს არის ომიკრონი და იყოთ სახლში, დაურეკოთ 112-ს და თქვენი ოჯახის ექიმის საშუალებით მართოთ მდგომარეობა“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ომიკრონს მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. თუმცა აფრთხილებს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ და ყველა არსებული რეგულაცია ზედმიწევნით დაიცვან:

„უხშირეს, დაახლოებით 90 და მეტ პროცენტ შემთხვევებში ეს ჩაივლის 3-5 დღეში თითქმის უსიმპტომოდ ან მცირე სიმპტომებით. რაც მთავარია, იყავით მშვიდად. 1600 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 1%-ს. იქიდან 13 ადამიანი სწრაფად გაეწერა, 3 იყო კლინიკაში. არცერთს არ დასჭირვებია რეანიმაცია“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი