ახალი ამბები

ნატო აღმოსავლეთ ევროპაში საბრძოლო ხომალდებს და თვითმფრინავებს გზავნის

24 იანვარი, 2022 •
ნატო აღმოსავლეთ ევროპაში საბრძოლო ხომალდებს და თვითმფრინავებს გზავნის

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო მობილიზების საპასუხოდ, აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ხომალდებსა და თვითმფრინავებს გაგზავნის.

როგორც „როიტერსი“ წერს, ნატოს აღნიშნული განცხადება კიდევ ერთი გზავნილია რუსეთის მხრიდან განხორციელებულ აგრესიულ ნაბიჯებზე უკრაინის მიმართ. გავრცელებულ განცხადებაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომის მიღებას მოკავშირეების დასაცავად, მათ შორის გააძლიერებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილს.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ტექნიკას შორის, რომელზეც განცხადებაშია აღნიშნული, არის სამხედრო ხომალდი, რომელსაც დანია მიავლენს ბალტიის ზღვაში. დანია ასევე გეგმავს ოთხი F-16 მარკის საბრძოლო თვითმფრინავის ლიეტუვაში გაგზავნას. ამასთან, ესპანეთი ნატოს საზღვაო ძალების გასაძლიერებლად დამატებით გემებს უშვებს, ბულგარეთში კი სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნას აპირებს.

ამასთან, განცხადების მიხედვით, საფრანგეთიც გამოთქვამს მზადყოფნას, რუმინეთში სამხედროები გადასხას.

ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აპრილში ბულგარეთში F-35 მარკის ორი საბრძოლო თვითმფრინავის გაშვებაც იგეგმება.

რა ხდება?

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. ყოველდღიურად იზრდება რუსული საჯარისო ნაწილებისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება რუსეთ-უკრაინის საზღვართან. რუსეთის უარყოფის მიუხედავად, დასავლეთის სახელმწიფოები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასაწყებად ემზადება. პარტნიორი ქვეყნების ნაწილმა უკვე დაიწყო უკრაინისთვის თავდასაცავად როგორც იარაღის, ისე ფულის მიწოდება.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს. რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა, არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატოში გაწევრიანებამდე იყო; არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება; უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სამხედრო საქმიანობაზე.

11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატოს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.

21 იანვარს კი ჟენევაში დიპლომატიური მოლაპარაკებები აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გაიმართა. შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მომავალი კვირის განმავლობაში ელის აშშ-ის წერილობით პასუხს მოსკოვის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებზე. ენტონი ბლინკენის თქმით კი, დასავლელი მოკავშირეები მზად არიან გაიზიარონ რუსეთის რიგი შეშფოთებები, თუ რუსეთიც გააკეთებს იგივეს, თუმცა არ იტყვიან უარს ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი