ახალი ამბები

პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტარების ვიზიტის გაუქმების მიზეზი დროის არქონა არ ყოფილა

24 იანვარი, 2022 •
პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტარების ვიზიტის გაუქმების მიზეზი დროის არქონა არ ყოფილა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტის გაუქმების მიზეზი მისი მოუცლელობა არ ყოფილა. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ დღეს, 24 იანვარს განაცხადა.

ევროპარლამენტარებს, რომლებიც ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდნენ, პაპუაშვილი მოუწოდებს, გაასაჯაროვონ სრული კომუნიკაცია, რომელიც მის კაბინეტთან შედგა.

„ჟან მონეს დიალოგი წარმოადგენს ფორმატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შორის, ამიტომ საჭიროა, რომ ეს შეთანხმება შედგეს მანამ, სანამ იქნება სხვა ასეთი სახის ღონისძიება დაგეგმილი და ეს კომუნიკაცია გვქონდა, მათ შორის, ამ ჯგუფსაც. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მიზეზი არ იყო[დროის არქონაა].

ახალი თავმჯდომარე ჰყავს ევროპის პარლამენტს, როგორც საქართველოს პარლამენტს. ჟან მონეს დიალოგი ჯერ დაწყებული არ არის. ფორმალურად, ამას სჭირდება სწორედ ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შორის მემორანდუმის გაფორმება. სწორედ ეს მიზეზები მოვახსენეთ შესაბამის ჯგუფს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორი ევროპარლამენტარები, ვიოლა ფონ კრამონი, მირიამ მექსმანი და მარია კალიურანდი, აცხადებენ, რომ მათი ვიზიტი საქართველოში, რომელიც 21-22 იანვარს იყო დაგეგმილი, გაუქმდა.

„როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ განხორციელდება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არ გამონახა დრო, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში“, – წერენ ისინი.

ჟან მონეს დიალოგი არის ევროპარლამენტის შემუშავებული ინსტრუმენტი საპარლამენტო მედიაციისათვის. ამ საკითხზე საქართველოს კონტექსტში 2021 წლიდან გააქტიურად მსჯელობა.

3 ევროპარლამენტარის საერთო განცხადების თანახმად, 21-22 იანვირს ვიზიტი მიზნად ისახავდა „საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობის შესწავლას, რისი მიზანიც არის პარტიათაშორისი დიალოგის განვითარება უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად“.

ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა – „პაპუაშვილმა დრო არ გამონახა“

მასალების გადაბეჭდვის წესი