ახალი ამბები

ევროპარლამენტარები გამორბიან… დაკავდნენ რამით – ზარქუა გაუქმებულ შეხვედრაზე

24 იანვარი, 2022 • 1659
ევროპარლამენტარები გამორბიან… დაკავდნენ რამით – ზარქუა გაუქმებულ შეხვედრაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, მოუწოდებს სამ ევროპარლამენტარს, „რამით დაკავდნენ“, ასევე დასძენს, რომ ვერ აიტანს ევროპარლამენტარების მხრიდან „ასეთ გამოხტომებს“.

დეპუტატი გულისხმობს ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორ ევროპარლამენტარებს: ვიოლა ფონ კრამონს, მირიამ მექსმანს და მარია კალიურანდს, რომელთა ვიზიტი საქართველოში ვერ შედგა.

ზარქუამ დღეს ჟურნალისტებთან შეაფასა ევროპარლამენტარების გაუქმებული ვიზიტი, რომელიც, მათი თქმით, იმიტომ ვერ შედგა, რომ – „შალვა პაპუაშვილმა არ გამონახა დრო“.

„ევროპარლამენტარები მგონია, რომ ან შეცდომაში არიან შეყვანილი, ან რაღაც დრამატიზებას ახდენენ. ვისურვებ, რომ მეტად ჩაერთონ ამ პროცესში, ევროპარლამენტარები არიან და უკეთ უნდა იცოდნენ. ჩვენ გვაქვს ჟან მონეს ფორმატი, რომელიც გულისხმობს, მათ შორის, ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ურთიერთობის ფორმატს. რისთვის არის ეს ფორმატი? როდესაც რადიკალური ოპოზიცია, როგორც ჩვენ ეს ამ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ ობსტრუქცია, დესტაბილიზაცია და ა.შ. ამ შემთხვევაში იყენებდნენ. ამიტომ ძველ პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის ძველ თავმჯდომარეს შორის იყო ეს შეთანხმება. თუმცა, თქვენ იცით, რომ ევროპარლამენტის ძველი პრეზიდენტი გარდაიცვალა, საქართველოშიც გვყავს ახალი პარლამენტის თავმჯდომარე, შესაბამისად, ისინი შეთანხმდნენ, რომ ფორმატი უნდა გაწერილიყო, როგორც ამას პროტოკოლი ითვალისწინებს. ამ დროს, [წერილის] მოწერა სამი დღით ადრე, რომ ჩვენ შეხვედრა გვინდა და აბა, შეგვხვდით – ეს არის მიუღებელი და არაადეკვატური, პირდაპირ გეტყვით. მე ვისურვებდი, რომ ქალბატონმა კრამონმა გაასაჯაროვოს ის მიმოწერა, რაც იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან, და მერე გავაკეთოთ კომენტარი“, – თქვა ზარქუამ ჟურნალისტებთან.

მან დასძინა, რომ საქართველო მართლაც არის ულამაზესი ქვეყანა, უძველესი ისტორიითა და კულტურით და თუ ევროპარლამენტარებს მისი ნახვა უნდათ – „მობრძანდნენ, დავპატიჟებ პირადად“.

„მაგრამ იქ, სადაც არის ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ წესებსა და პროცედურებს, ჯერ პირველი პირები არ შეთანხმებულან ფორმატზე – რა და როგორ. და ახლა ევროპარლამენტარები გამორბიან… დაკავდნენ რაიმე სხვა საქმით“, – ამატებს ის.

ზარქუას თქმითვე, თუ ვინმემ „იქ ამოწურა [საქმე] და უცხო ქვეყანაში მოგზაურობა უნდა, ეს სხვა ფორმატია“ და ამის გამო ჩრდილი სახელმწიფოს არ უნდა მიადგეს.

„მე გირჩევდით, ყველას რომ ვთხოვოთ – გაასაჯაროვოს ის მიმოწერა, რაც ჰქონდა, და აქედან პასუხი. მერე შევხვდებით და დავილაპარაკოთ. ამის იქით სიღრმეში არ შევალთ, ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირსა და ევროპარლამენტარებს, ისინი გვეიმედებიან, თუმცა ასეთ გამოხტომებს ვერ ავიტანთ“, – ამატებს ის.


ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორი ევროპარლამენტარები, ვიოლა ფონ კრამონი, მირიამ მექსმანი და მარია კალიურანდი, აცხადებენ, რომ მათი ვიზიტი საქართველოში, რომელიც 21-22 იანვარს იყო დაგეგმილი, გაუქმდა.

„როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ განხორციელდება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არ გამონახა დრო, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში“, – წერენ ისინი.

ვრცლად:

ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა – „პაპუაშვილმა დრო არ გამონახა“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი