ახალი ამბები

საგანგებო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გადავიდნენ გაყინულ ტბებზე

23 იანვარი, 2022 • 823
საგანგებო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გადავიდნენ გაყინულ ტბებზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გადაადგილდნენ გაყინულ ტბებზე. უწყების თქმით, მსგავსმა ქმედებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

“გაცნობებთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურის ვარდნის გამო, ტბებსა და წყალსაცავებზე არის ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა.

რამდენიმე ტბაზე, განსაკუთრებით კი, თბილისში, ლისისა და კუს ტბებზე ყინულის ზედაპირზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე.

ყინულის ფენაზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი ჩატეხვა და საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ ლისისა და კუს ტბის ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით, უკვე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ მათ მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

გარეკანის ფოტო: არქივიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი