ახალი ამბები

არ ასახავს გერმანიის პოზიციას — ბერლინი თავისი საზღვაო ძალების სარდლის კომენტარზე

22 იანვარი, 2022 •
არ ასახავს გერმანიის პოზიციას — ბერლინი თავისი საზღვაო ძალების სარდლის კომენტარზე

პუტინი პატივისცემას იმსახურებს, ყირიმს უკრაინა ვერასდროს დაიბრუნებს, ალიანსში საქართველოს მიღება კი ჭკვიანური არ არის — ეს მოსაზრებები გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა, კაი-ახიმ შენბახმა გამოთქვა. გერმანიის მთავრობაში უკვე თქვეს, რომ აღნიშნული გზავნილები არ წარმოადგენს ბერლინის პოზიციას, თავად შენბახმა კი შეცდომა უწოდა თავის საქციელს.

გერმანიის საზღვაო ძალების სარდლის კომენტარები, რომელიც, მისივე თქმით, ინდოეთში, ერთ-ერთი დისკუსიისას გაახმიანა, ფართოდ გავრცელდა ჯერ Youtube-ზე, შემდეგ კი გერმანულ მედიაში. განცხადებებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია დასავლეთის მზარდი შიშების ფონზე უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით.

გავრცელებულ ვიდეოში შენბახი ამბობს, რომ “ის, რაც პუტინს ნამდვილად სურს, პატივისცემაა”.

“და, ღმერთო ჩემო, ვიღაცისთვის პატივისცემით მოპყრობა მარტივია, უმარტივესი… მე რომ მკითხოთ, მარტივია, მისცე მას პატივისცემა, რომელსაც ნამდვილად ითხოვს და რომელსაც, ალბათ, იმსახურებს”, – დასძენს ის.

ამავე ვიდეოში საზღვაო ძალების სარდალი რუსეთს ძველ და მნიშვნელოვან ქვეყნად მოიხსენიებს. მისი სიტყვებით, უკრაინაში მოსკოვის მიერ 2014 წელს განხორციელებული ქმედებები რეაგირებას მართლაც საჭიროებდა, თუმცა იქვე ამატებს, რომ “ყირიმი წავიდა, ის აღარასდროს დაბრუნდება, ეს ფაქტია”.

“ჩვენც კი, ინდოეთს, გერმანიას, გვჭირდება რუსეთი. ჩვენ გვჭირდება რუსეთი ჩინეთის წინააღმდეგ”, – ამატებს ის.

ნატოს საკითხზე საუბრისას, კაი-ახიმ შენბახი დასძენს:

“სანამ ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი, გადაწყვეტს ნატოში გაწევრიანებას და აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რომ იყოს წევრი… მე ვიტყოდი, რომ დიახ”.

თუმცა, იქვე ამატებს: “უკრაინა, რა თქმა უნდა, ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რადგან ის დონბასის რეგიონში ოკუპირებულია რუსეთის არმიის ან, როგორც ისინი ამბობენ, მილიციების მიერ”.

შემდგომ ის საქართველოს საკითხზე გადადის და ამბობს:

“ავიღოთ სხვა ქვეყნები, როგორიც საქართველოა. საქართველო მზად არის, იყოს წევრი… აკმაყოფილებენ თუ არა მოთხოვნებს? დიახ, აკმაყოფილებენ. ჭკვიანურია მათი წევრობა? არა, ასე არ არის”.

აღნიშნულ განცხადებებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. უწყებამ მოუწოდა ბერლინს, საჯაროდ უარყოს საზღვაო ძალების სარდლის გზავნილები.

“უკრაინა მადლიერია გერმანიის მხარდაჭერისთვის, რომელიც მან გასწია 2014 წლიდან, ისევე როგორც დიპლომატიური ძალისხმევისთვის რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის მოსაგვარებლად.

მაგრამ გერმანიის ამჟამინდელი განცხადებები იმედგამაცრუებელია და ეწინააღმდეგება ამ მხარდაჭერასა და ძალისხმევას”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამის შესახებ მინისტრმა დმიტრო კულებამ ტვიტერში დაწერა.

Reuters-ის თანახმად, მოგვიანებით, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ ზემოხსენებული განცხადებები, თავისი შინაარსითა თუ ფორმულირებით, არ ასახავს გერმანიის პოზიციას.

კრიტიკას თავად შენბახმაც უპასუხა ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტებით. სარდლის თქმით, დისკუსიისას გამოთქმული შეფასებები მისი “პირადი აზრია” და არანაირად არ ასახავს ოფიციალურ პოზიციას.

„ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. იმ სიტიუაციაში დაუფიქრებლად, არასწორად შევაფასე. არაფერია საინტერპრეტაციო, ეს იყო აშკარა შეცდომა“.

გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა — SPIEGEL

მასალების გადაბეჭდვის წესი