ახალი ამბები

რატომ დატოვა გახარიას პარტია ბათუმში 14-მა წევრმა

21 იანვარი, 2022 • 1723
რატომ დატოვა გახარიას პარტია ბათუმში 14-მა წევრმა

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია – „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის 14-მა წევრმა დატოვა.

ამ გადაწყვეტილების შესახებ მათ დღეს, 21 იანვარს განაცხადეს. პარტიის წევრებმა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მიქელაძე პარტიაში განხილვის გარეშე, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებში და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში დაადანაშაულეს.

გადაწყვეტილების შესახებ პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა განცხადებაც გაავრცელეს.

პარტიის ყოფილი წევრები ირწმუნებიან, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ ირაკლი მიქელაძე პარტიასთან შეუთანხმებლად აწარმოებდა გარიგებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის მეორე ტურში დახმარების სანაცვლოდ ითხოვდა აჭარის პარტიული ორგანიზაციის მოქმედი აღმასრულებელი მდივნის – თამილა ფაღავასთვის ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობას, რაზედაც ოპოზიციური კოალიციისგან მკაფიო უარი მიიღო. ამის შემდეგ ოპოზიციურ ფლანგს დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა ბათუმის ვიცე-მერობა, რაზედაც მიიღო თანხმობა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის სასარგებლოდ მეორე ტურის წინ დაიწყო ხმების შეგროვება. ასევე არჩევნების შემდგომ ის საკრებულოს დარჩენილი ორი წევრით მუდმივად მანიპულირებდა და თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოებდა პოლიტიკურ ვაჭრობას“, – წერია მათ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

პარტიის აწ უკვე ყოფილი წევრები განმარტავენ, რომ ამ უკმაყოფილების შესახებ მიზანმიმართულად არ გაავრცელეს წინასაარჩევნოდ ინფორმაცია.

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა ასევე ბათუმის საკრებულოს წევრმა ირაკლი თავდგირიძემ. გადაწყვეტილების მიზეზად საკრებულოს წევრმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა დაასახელა. პარტიაში კი მისი გადაწყვეტილება ასე შეაფასეს: „გასაყიდი უნდა გაიყიდოს“.

„ბათუმელები“ ირაკლი მიქელაძის პოზიციას მოგვიანებით, მასთან დაკავშირების შემთხვევაში მოგაწვდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი